Emergency smart watch-ი – ასე ეწოდება მოწყობილობას, რომელიც 15 წლის ქართველმა გამომგონებელმა, დავით რიჟინაშვილმა შექმნა. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მე-10 კლასის მოსწავლემ პროექტის დეტალებზე რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. Emergency smart watch-ი ძირითადად მოხუცებზეა გათვლილი, რომლებსაც შეუძლიათ ეს მოწყობილობა ხელზე მოირგონ და იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, პულსი აუჩქარდებათ და გულის შეტევის საფრთხე იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას მათი პატრონები დისტანციურად მიიღებენ.
როგორც დავით რიჟინაშვილმა აღნიშნა, Emergency smart watch-ი ჩვეულებრივი smart watch-ის მსგავსია, თუმცა მისი ინოვაციურობა ისაა, რომ გამოყენებული მასალები იაფია და გამოგონების თვითღირებულება მხოლოდ 15 ლარს უტოლდება, ხოლო წარმოება 3-4 დოლარს არ აჭარბებს, მაშინ როდესაც smart watch-ის ღირებულება, მინიმუმ, 200 ლარია.
“რაც ეხება Emergency smart watch-ის გამოყენებას, ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა სპეციალურ უფასო ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, სადაც მეპატრონე wi-fi-ის ინიციალებსა და ნომერს შეიყვანს, რის შემდეგაც ჩამოტვირთავს აპლიკაციას, სადაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში ნახავს, როგორია იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც Emergency smart watch-ი ხელზე უკეთია” – განაცხადა დავით რიჟინაშვილმა.
როგორც გამოგონების ავტორი ამბობს, პროექტის იდეა უკავშირდება მოხუცებში გულის შეტევების მაღალ მაჩვენებელს. დავით რიჟინაშვილის განმარტებით Emergency smart watch-ით, ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი მოხუცის გულის მდგომარეობა ნებისმიერ დროს გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღმოუჩინოს დახმარება.
“ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ როდესაც ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, სახლში ვერავინ რჩება თავიანთი მოხუცის მოსავლელად. ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ მოხუცს ყოველ წამს შეიძლება გაუჩერდეს გული, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად Emergency smart watch-ი შევქმენი. იდეა როგორც კი გამიჩნდა, ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა და პროექტის ასაწყობად 1 კვირა დამჭირდა” – განაცხადა დავით რიჟინაშვილმა.
გამოგონების ავტორი პროექტის დახვეწაზე იმუშავებს და სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, Emergency smart watch-ის რეალიზაციასაც გეგმავს.