ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მას სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას 28 სექტემბერს გეგმავენ.
ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ პირს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.
გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე.