ბესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა.
2004 წლის 1 სექტემბრის დილას, ქალაქ ბესლანში (ჩრდილოეთ ოსეთი) №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად აიყვანეს ისლამისტმა სამხედროებმა.
სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები.
32-მა შეიარღებულულმა პირმა შტურმით აიღო სკოლის შენობა და მძევლად აიყვანა როგორც დაწყებითი, ისე საშუალო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ასევე მშობლები და ნათესავები, რომლებიც ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ. რამდენიმე ადამიანი პირველი შეტევის შედეგად დაიღუპა, უმრავლესობა კი გადაიყვანეს სკოლის სპორტულ დარბაზში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დანაღმული. გაუსაძლის სიცხეში მძევლები უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ, მათ ეკრძალებოდათ როგორც საკვების მიღება, ისე წყლის დალევა.
სკოლის აღება სცადეს რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, რომლის შედეგად წამოწყებული შტურმით 350 მძევალი დაიღუპა. მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო. 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს. ეს იყო რუსეთის ისტორიაში უმსხვილესი ტერორისტული აქტი.
ტერორისტების ალყა 3 სექტემბერს დასრულდა, როდესაც სკოლის შენობაში აფეთქებების ფონზე რუსეთის სპეციალური ძალები შევიდნენ. აფეთქებებსა და სკოლის დარბაზში შემდგომ სროლებს ბევრი მძევლის სიცოცხლე შეეწირა, დანარჩენები თავად ტერორისტებმა დახოცეს.
გადარჩენილებს შორის იყო ასობით დაჭრილი ადამიანი ბევრმა კი ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
რას ითხოვდნენ ტერორისტები
შენობაში შესვლისთანავე ტერორისტებმა ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. მოლაპარაკებებზე დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდნენ.
საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, რას ითხოვდნენ.
დანაღმული იყო სკოლის შემოგარენი. შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად დააყენეს ბავშვები.
წერილი, რომელიც ფანჯრიდან გადმოაგდეს, ეწერა, რომ ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვდნენ.
მოთხოვნებში მოხვდა ჩრდილოეთ ოსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტთან ალექსანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელ ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშელთან შეხვედრას.
ასევე ითხოვდნენ იმ „ბოევიკების“ გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული.
რა მოხდა ტერაქტის მესამე დღეს
სკოლის სპორტულ დარბაზში პირობები უკიდურესად დამძიმდა. მძევლებისათვის ეს იყო მესამე დღე საკვების, ხოლო მეორე დღე წყლის გარეშე. ქალაქის მოსახლეობა და მძევლების ნათესავები კვლავ გარეთ იყვნენ შეკრებილნი და ერთად უსმენდნენ რადიოში გადმოცემულ ახალ ამბებს.
9 საათზე ტერორისტები დათანხმდნენ, რომ ცხედრების გამოსვენების მიზნით შენობაში შეეშვათ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მაგრამ როგორც კი პერსონალი მიუახლოვდა შენობას, გაისმა ორი აფეთქების ხმა, ტერორისტებმა კი პერსონალის მიმართულებით სროლა დაიწყეს. დაიღუპა 2 სამხედრო მოსამსახურე. აფეთქების შემდეგ რამდენიმე მძევალმა გაქცევა სცადა, თუმცა მათი უმრავლესობა ტერორისტებმა დახოცეს. აფეთქების შედეგად გამოწვეულ არეულობაში რამდენიმე ტერორისტმა დატოვა სკოლის შენობა.
რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა დაიწყო შენობის შტურმით აღება. 10:30 სთ-დან 11:30 სთ პერიოდში რამდენიმე ტერორისტი კიდევ გაიქცა სკოლის შენობიდან. ამ ერთი საათის მანძილზე აფეთქების შედეგად დაზიანებული დარბაზის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა. რუსულმა მხარემ პოზიციებზე განალაგა ტანკები, ვერტმფრენები და შეიარაღებული ტრანსპორტი. 12:20 სთ-ზე სკოლის შენობის თავზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ. 17:00 სთ-ზე კვლავ გაისმა აფეთქების ხმა. საღამოს 10 საათამდე მიმდინარეობდა პერიოდული ბრძოლები, მანამ სანამ რუსულმა ძალებმა საბოლოოდ არ დაიკავეს სკოლის შენობა.
რუსეთის ძალებმა გაანადგურეს ყველა ტერორისტი გარდა ნურფაში კულაევისა, რომელმაც სკოლის შენობიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა იგი ლამის ლინჩის წესით გაასამართლა მოსახლეობამ, სანამ ოფიციალური ძალები აიყვანდნენ ტყვედ. 2006 წელს კულაევი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმში, მძევლების აყვანასა და მკვლელობებში. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ბესალნის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩნურ განმათავისუფლებელ ჯგუფს რიადუს-სალიხინს და მის ლიდერს შამილ ბასაევს დაეკისრა. იგი ასევე დადანაშაულებული იყო 2002 წლის მოსკოვის თეატრის ტერაქტში, რომელიც 130 მძევლიდან რამდენიმეს სიკვდილით დასრულდა. ბასაევს ამასთანავე ბრალი ედებოდა 2004 წლის მაისში ჩეჩენთის პრო-რუსი პრეზიდენტის ახმედ კადიროვის მკვლელობაში. ასევე მის სახელთან იყო დაკავშირებული მრავალი ტერორისტული აქტი და მკვლელობა.
ბესლანის ტრაგედია და საქართველო
ბესლანის ტერაქტის პირველივე დღიდან რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და ანალიტიკოსებმა ტერაქტი საქართველოს მონაწილეობის ნაკვალევის ძიება დაიწყეს. რუსეთმა მაშინვე სცადა დაეკავშირებინა ბესლანის სკოლის სასაკლაო იმ ტერორისტებთან, რომლებიც თითქოსდა პანკისის ხეობაში გადიოდნენ მომზადების პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთისათვის პანკისის ხეობა დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა ჩეჩენი ამბოხებულებისათვის უსაფრთხო სამოთხედ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავდა კავშირებს სამხრეთ ოსეთსა და ბესლანში მიმდინარე მოვლენებს შორის. ამასთანავე, რუსულ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესლანის ტერაქტის ერთ-ერთი ტერორისტი იმალებოდა კოდორის ხეობაში, აფხაზეთში. საქართველოს ხელისუფლება უარყოფდა რუსეთის მსგავს ბრალდებებს და აცხადებდა, რომ საზღვრები მკაცრად კონტროლდებოდა.
ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით ფხიზლად და გაეძლო რუსეთის მხრიდან მომავალი ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისათვის. ყოველივე ამას ემსახურებოდა პრეზიდენტის ბრძანება გაძლიერებულიყო საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის კონტროლი.
რა თქვა ევროპულმა სასამართლომ?
2007 წლის ნოემბერში დაღუპულების ოჯახის წევრებმა და გადარჩენილებმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. 2011 წელს კი მეორე სარჩელი შეიტანეს ტრაგედიის დროს გადარჩენილმა 55 პირმა.
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 334 დაღუპული პირის ნათესავებისთვის.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის დროს ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაღუპული პირები. ამასთანავე, მან ვერ შეძლო აღეკვეთა ბესლანის ტრაგედია და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. სასამართლოს განაჩენში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შეტევა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე სასამართლოს მიერ ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო, რომ მან ვერ აღკვეთა ტერორისტების შეხვედრები და მათი გადაადგილება შეტევის დღეს. ასევე, მან ვერ უზრუნველყო სკოლის უსაფრთხოება და არ გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
რუსეთმა, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მყისიერად დაგმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიჩნია იგი „მიუღებლად“ და განაცხადა, რომ აუცილებლად გაასაჩივრებდა მას…