LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც აუცილებლად გაგაოგნებთ

550

”ხატვის დროს დავფრინავ ცაში და ამ ფრენით არასდროს ვიღლები”.

 18 წლის ანდრო ვეკუა თვითნასწავლი მხატვარია. როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდან გატაცებულია ხატვით.

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, უფრო ხშირად მულტფილმის გმირებს ვხატავდი. 14-15 წლიდან კი პორტრეტების ხატვა დავიწყე. ყოველი ნახატის შემდეგ ვამჩნევდი პროგრესს. დღეს უკვე ჰიპერრეალიზმის სტილში ვხატავ და, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ეს მიმდინარეობა მომწონს. მართალია დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ როდესაც გიყვარს ხატვა, შეუძლებელია ამას ”შრომა” უწოდო, ეს არის ჩემთვის უდიდესი სიამოვნება.

მის ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი თვალებზეა გაკეთებელი. ანდროს ამას თავისებურად ხსნის.

 

15134356_1707590712891751_1128782215_n-1

”თვალებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ადამიანის თვალებში ვკითხულობ მთელ მათ ცხოვრებას და უფრო მეტად სევდიან თვალებს ვხატავ, რადგან, როგორც ამბობენ “art never comes from happiness”. მხატვარობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, გადმოსცე ის, რასაც სიტყვები ვერ გადმოსცემს. სწორედ აუხსნელ ემოციებს გადმოვცემ თვალების მეშვეობით ჩემს ნახატებში”, – ამბობს ხელოვანი.

ანდრო ვეკუა ქალაქ ზუგდიდში დაიბადა და გაიზარდა, დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, როგორც თვითონ ამბობს, ეს პროფესია მხატვრობასთან ახლოს არის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ ფაკულტეტზე ჩაბარება.

”პროფესიულად რომ გავყოლოდი ხატვას, საქართველოში წარმატებას მაინც ვერ მივაღწევდი, ჩვენთან მხატვრობას თითქმის არავინ აფასებს, ხალხს უჭირს და ხელოვნებაზე ფიქრისთვის არავის სცალია, მხოლოდ ათასში ერთი ადამიანი თუ ინტერესდება.”

ანდრო ამბობს, რომ მისი ნახატები ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალურ ქსელშია პოპულარული. თუმცა მას სამომავლოდ სერიოზული გეგმები აქვს, თავის მხატვარ მეგობრებთან ერთად აპირებს, მოაწყოს გამოფენა, ამ ეტაპზე კი სპონსორების მოძიებით არის დაკავებული.

საუბრის ბოლოს ხელოვანი თავის ყველაზე ფერად ნამუშევარს გვაჩვენებს,… ”ცხოვრება მრავალფეროვანია, ჩვენ კი მას შავ-თეთრში ვხედავთ” – ასე ჰქვია მის ნახატს.

15151055_1707590819558407_650733962_n

ავტორი : გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g