LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„19 მაისს კონცერტს ამერიკელი შემსრულებელი, „გრემის“ მრავალგზის ლაურეატი კურტ ელინგი გამართავს, რომელსაც ხშირად თანამედროვე ფრენკ სინატრასაც უწოდებენ“ – თეონა კახიძე

680
თეონა-კახიძე

9 მაისს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს თეონა კახიძე სტუმრობდა, რომელმაც ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ისაუბრა.

ფესტივალი, რომელიც წელს მეცხრედ გაიმართება, 12 მაისს გაიხსნება კუბური წარმოშობის ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსის, 16 „გრემის“ მფლობელის, კლარნეტისტისა და საქსოფონისტის პაკიტო დრივერას კონცერტით. დრივერა არა მხოლოდ ბრწყინვალე შემსრულებელი, არამედ არაჩვეულებრივი კომპოზიტორიცაა და „გრემის“ რამდენიმე პრემია სწორედ კომპოზიციის ნომინაციაში აქვს მიღებული. ვფიქრობ, ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, ასეთი მუსიკოსის მასპინძლობა, მით უფრო, რომ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება პუბლიკის წინაშე.

19 მაისს კონცერტს ამერიკელი შემსრულებელი, „გრემის“ მრავალგზის ლაურეატი კურტ ელინგი გამართავს, რომელსაც ხშირად თანამედროვე ფრენკ სინატრასაც უწოდებენ, 25 მაისს კი, ფესტივალი აფრიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის, „გრემის“ ხუთგზის მფლობელის ანჟელიკ კიჯოს „აფრიკული სიმფონიით“ დაიხურება. კიჯო არა მხოლოდ მუსიკალური პრემიების, არამედ სახელოვნებო ჯილდოების და აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალის ტიტულის მფლობელიცაა.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს. ყველა კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გაიმართება, რადგან ჩვენი ფესტივალის მთავარი მიზანი სწორედ თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და მსოფლიო ვარსკვლავების კოლაბორაციაა.

2024 წელი მოულოდნელი სიურპრიზით დაიწყო ჩვენთვის, რადგან ვახტანგ კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი „გრემის“ 2024 წლის ნომინანტებს შორის აღმოჩნდა. მსგავსი წარმატება პირველ რიგში ჩვენი ორკესტრისა და ბრაზილიელი მუსიკოსის ივან ლინსის ერთობლივი კონცერტების დამსახურებაა. სხვათა შორის, ლინსმა თვითონ მოინდომა, რომ ახალი ალბომის My Heart Speaks-ის ჩაწერაში სწორედ სიმფონიურ ორკესტრს მიეღო მონაწილეობა. ალბომი „გრემის“ პრემიაზე იქნა წარდგენილი, მოგვიანებით კი, ლათინური ჯაზის ნომინაციაში მოხვდა, რაც არა მხოლოდ ჩვენი ორკესტრის, არამედ მთლიანად ქართული კულტურის წარმატებაა. მართალია, ქართულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს მსოფლიო კარგად იცნობს, მაგრამ დროა სამყაროს თანამედროვე ქართული ხელოვნებაც გავაცნოთ, რასაც სწორედ ამგვარი წარმატებები უწყობს ხელს.

წელს ვახტანგ კახიძის საიუბილეო წელია, რასაც ორი კონცერტი უკვე მიეძღვნა. საღამოებს თავად ვახტანგი გაუძღვა, საინტერესო ამბები მოუთხრო მაყურებელს პირადი, შემოქმედებითი ცხოვრებიდან და საკუთარი სურვილით შერჩეული ნაწარმოებების ფრაგმენტები შეასრულა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მსმენელს, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიჩინა ჩვენი კონცერტების მიმართ.

სულ ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ ანსამბლ „მძლევარის“ 30 წლის იუბილე. უნიკალურ  ანსამბლს, რომელმაც ოთხი თაობა აღზარდა, ძალიან საინტერესო ფოლკლორული რეპერტუარი აქვს, რომელიც ბრწყინვალედ შესრულდა კონცერტზე აფრიკული, ამერიკული და ევროპული მუსიკის პარალელურად. ანსამბლთან 2000 წლიდან ვმეგობრობთ, როცა ვახტანგ კახიძეს საშობაო კანტატა დაუკვეთეს, მან კი, „მძლევარისა“ და „რუსთავის“ მუსიკოსებთან ერთად შექმნა ე.წ. საშობაო ტრილოგია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ტურნეებშიც წარმატებით სრულდება.