20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. განცხადება ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. მინისტრის თქმით, ყველა ნივთი, რომელიც მიეწოდება მსჯავრდებულებს, სპეციალური ხსნარით დამუშავდება.
“ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს”, – განაცხადა მინისტრმა.
წულუკიანის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, პრევენციულ ღონისძიებებს და ამანათების დეზინფექციას მომავალშიც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამავე განკარგულების თანახმასდ, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.
https://www.facebook.com/moc.gov.ge/videos/554648385480785/