”კლივლენდის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი 200 მილიონიან კონტრაქტს უმიზნებს.
მეფემ შესაძლოა თვით მაიკლ ჯორდანის ფინანსური რეკორდი მოხსნას.
ახლა ლებრონი თავისუფალი აგენტია. ის კლუბის გამოცვლას არ აპირებს, თუმცა უფრო სარფიანი კონტრაქტი კი უნდა. ჯეიმსმა შესაძლოა ”კავალიერსთან” ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმოს და 27.5 მილიონი დოლარი მიიღოს, რაც მისთვის მაქსიმუმი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში 2017 წლის ზაფხულში შეიძლება ”კლივლენდთან” მეგაგარიგება გააფორმოს, იუწყება ESPN.
2017 წლის ივლისში ლებრონი მიიღებს 5-წლიან კონტრაქტს 201-დან 205 მილიონ დოლარამდე თანხაზე. ასეთ შემთხვევაში ჯეიმსი გახდება პირველი კალათბურთელი, ვინც 200-მილიონიან შეთანხმებას მოაწერს ხელს. 2017/18 წლების სეზონში ის 35 მილიონს მიიღებს და რეკორდსმენი გახდება. 1997/98 წლების სეზონში მაიკლ ჯორდანმა 33 მილიონი იშოვა. თუმცა ეს კიდევ არ არის ზღვარი. 2019/20 წლების სეზონში ლებრონის ხელფასი 40 მილიონამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია.
შეგახსენებთ, რომ წელს NBA ლებრონის ”კლივლენდმა” მოიგო, როდესაც ფინალური სერია ”გოლდენ სტეიტს” შემოუბრუნა. ხოლო თავად ჯეიმსი ფინალის MVP გახდა.