საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 50%-იანი კლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 361 ათას 177 მგზავრს მოემსახურა, რაც 49,79%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით. სააგენტოს ცნობითვე, 2020 წლის 5 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 719 ათას 295 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1 მლნ 914 ათას 974 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემები, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, 81,14%-იან კლებას აჩვენებს.
შეგახსენებთ, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საქართველომ საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა.