მომავალი წლიდან საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ახალი საბაჟო კოდექსი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველო მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოში დღეს მოქმედი როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო კოდექსები არ პასუხობენ იმ მიზნებს, რაც ჩვენ მიერ არის დასახული. ახალი საბაჟო კოდექსი შემუშავებულ იქნა ე.წ. ღია პლატფორმაზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა, მიეღო მონაწილეობა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი მეწარმეები. მათგან ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ და მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც აქტიური პოზიცია ჰქონდა ახალი კოდექსის შემუშავებაში. ჩვენ პარლამენტს უკვე მივმართავთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და შესაბამისად, მომავალი წლიდან საქართველოში ამოქმედებული იქნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება უფრო ეფექტურად მოვახდინოთ”, – განმარტა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობის ხედვაა, რომ საქართველო მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს. ”შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ამ მიზნის მიღწევისთვის. აღნიშნული კოდექსი სრულად პასუხობს ევრო სტანდარტებს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.