საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტისა და გავლენის შესახებ, კვლევითი ორგანიზაცია PMCG ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა.
ამავე კვლევის მიხედვით, 2010 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია:
„საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები). სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.
2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა. 2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო.
2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26 ათასი)“, – წერია ანგარიშში.
ამავე კვლევის მიხედვით, უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა:
„კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა. ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.
ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების ოდენობა და წილიც, საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან ოდენობაში, მცირდება.
2012-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა გზავნილები სხვა წამყვანი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აშშ-დან 284%-ით. საგრძნობლად მოიმატა გზავნილების მოცულობამ სხვა სახელმწიფოებიდანაც (310%) – აღნიშნულია დოკუმენტში.