LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემიგრაციაში კიდევ უფრო სხვანაირი გავხდები… იქ, ოკეანის სანაპიროზე ღმერთი მელოდება, რომელიც ხელს მიწვდის ახალი ცხოვრების დაწყებაში!“ – პეტრე კოლხის ემოციური მიმართვა რეისიდან სტამბული – ვანკუვერი

468
პეტრე კოლხი

„გვერდიდან ვაკვირდები ჩემ თავს და მაოცებს მისი სითამამე, გამბედაობა, ძალა და ენერგია…ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთი და იგივე მდგომარეობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, მერე ჭაობს ემსგავსება და გითრევს ფსკერისკენ…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი წერს.

მიმართვაში სასულიერო პირი ამბობს, რომ შინაგანი ხმა დიდი ხანია რადიკალური ცვლილებებისთვის ამზადებს.

პეტრე კოლხის თქმით, „ემიგრაციაში კიდევ უფრო სხვანაირი გახდება“:

„ემიგრანტი მღვდლის დღიური: ჯერ მხოლოდ სამი საათი გავიდა, რაც თვითმფრინავი აფრინდა ჰაერში, ნორვეგიის თავზე მივფრინავთ. ვცდილობ ჩამეძინოს, მაგრამ რაც სამყაროში პატარები გაჩენილა, ყველა ამ ბოინგზე მოუთავსებიათ.
პერიოდულად წიგნსაც ვკითხულობ, საინტერესო გამოდგა, ,,მარტივი ცხოვრების ხელოვნება”

ზუსტად ეს მჭირდება ახლა, თავიდან დასაწყებად რაღაც ძალებს ვეჭიდები და თან ჩემი გავლილი ცხოვრება მახსენდება. არ მგონია სიშორე გამიჭირდეს, დიდად არც მონატრებით დავმძიმდები, ყველა გულში მყავს, ვინც მიყვარს და ჩამოვხედავ ხოლმე, შემოვძახებ ყველას ერთად, რომ არ მოდუნდნენ… მარტო ყოფნას ბავშვობიდან მივეჩვიე, ჯერ იყო და სკოლაში ბიცოლასთან გამაწესეს, ეს ყველაზე საეტაპო პერიოდი გამოდგა, გამაკაჟა, გამაძლიერა, ალბათ, იმ დროს დავძლიე სენტიმენტები.

სტუდენტობაც არ იყო მარტივი. გრანელივით საფლავის ქვაზე, სამრეკლოს კიბეზე თუ ტაძრის შესასვლელთან რამდენჯერ ჩამძინებია… უმეტესად ნათესავებთან ვატარებდი, სტუდენტობის წლებს… ამიტომ ქაოსურ ცხოვრებას ისე მივეჩვიე, ჩემი ყოველდღიურობის ორგანული ნაწილი გახდა. მერე იყო ოჯახი. მე და ნინო, სუსტი, მაგრამ მოწადინებული ხელებით ვქსოვდით ჩვენ ბუდეს… სწავლა მაინც დამიფასდა, პოეზიამ ადამიანებს გული გაუთბო და არ დამკლებია არც ტაში და არც აღიარება…

ასე ჩამოყალიბდა მამა პეტრე, მთელი მისი აქტიური, საინტერესო და თავისებური ბიოგრაფიით. მადლიერი ვარ, ვაფასებ ყოველ წუთს, წამს, ყველა დეტალს. არ ვიცი რას ნიშნავს წაგება, არც მარცხი… ყველა მოვლენა უფრო ძლიერს და კიდევ უფრო საინტერესოს მხდის. დღეს ისევ თავიდან ვიწყებ, ერთი წრე შეიკრა და წერტილი დაესვა.
მაინტერესებს რას შევძლებ, რას გავუძლებ, რას შევქმნი.

გვერდიდან ვაკვირდები ჩემ თავს და მაოცებს მისი სითამამე, გამბედაობა, ძალა და ენერგია…ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთი და იგივე მდგომარეობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, მერე ჭაობს ემსგავსება და გითრევს ფსკერისკენ…
,,არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს”… შინაგანი ხმა დიდი ხანია მამზადებს რადიკალური ცვლილებებისთვის. ხელებაღმართული მივმართავდი სამყაროს, შენ გადაწყვიტე, გენდობი და მოგყვები…

ზუსტად იმ იდუმალმა ხმამ გამიხმო კანადისკენ… ისევ ნულიდან, ისევ თავიდან, ისევ მარტო… და ამით ბედნიერი ვარ… სხვებზე მეტად მე მაინტერესებს, ამჯერად რომელ მწვერვალებს დავიპყრობ… ერთი-ორს წამოსცდა, ყველაფერი გქონდა, მეტი მოგეცემოდა, როგორ არ დააფასე და დაკარგეო… მესმის იმ ხალხის, ვინც გარეგნულ ბზინვარებას ,,ყველაფერს” უწოდებს… მე ვიკარგებოდი, საკუთარი თავი მეცლებოდა ხელიდან იმ სისტემაში, სადაც ღმერთი საკანში გამოკეტეს და რელიგიის სახელით ადამიანები დაიმონეს…

გაუსაძლისად მიჭირდა ამ ყველაფრის ყურება, ვერ ვეგუებოდი, შინაგანად ვქრებოდი, ის სხივი, რაზეც მთელი ჩემი სამყარო იყო მიბმული, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ინავლებოდა და უჩინარდებოდა… ეს რომ არ მომხდარიყო, თავდაყირა დავაყენე ჩემი ,,ყველაფრით სავსე” ცხოვრება… ასე გადავირჩინე სული, ასე გავექეცი გასაბჭოებას და ფსკერამდე დაშვებას…
რისიც მჯეროდა, მარტო ნაწერებში არა, პრაქტიკაშიც გამოვიყენე და შინაგანი თავისუფლება იმ შუქურად ვაქციე, რომელმაც ყველა სიბნელე შთანთქა და ახალი გზები გამინათა…

ვისი იმედი მაქვს?! საკუთარი თავის, იმ უმცირესი რწმენის, ეკლესიამ რომ დამიმახინჯა, მაგრამ გადარჩენა მაინც შევძელი… ახლა კი, ალბათ, პირველად ცხოვრებაში ჩემ თავს ვეუბნები-მართლა რა მაგარი ყოფილხარ… ემიგრაციაში კიდევ უფრო სხვანაირი გავხდები, იქ, ოკეანის სანაპიროზე ღმერთი მელოდება, რომელიც ხელს მიწვდის ახალი ცხოვრების დაწყებაში !.. 1.07.2025 (თვითმფრინავი- სტამბული-ვანკუვერი)“ – წერს პეტრე კოლხი.

ემიგრანტი მღვდლის დღიური ჯერ მხოლოდ სამი საათი გავიდა, რაც თვითმფრინავი აფრინდა ჰაერში, ნორვეგიის თავზე მივფრინავთ….

Posted by Petre Kolxi on სამშაბათი, 01 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g