2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
შარშან დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი, 2022 წელთან შედარებით, 103%-ით გაიზარდა და 1 671 017 მგზავრი შეადგინა (2022 წელი – 822 486 მგზავრი).
2023 წელი რეკორდული იყო რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 5040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ით მეტია (2022 წლის იანვარ-დეკემბერი – 3220 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება (2022 წლის დეკემბერი – 85 008 მგზავრი).
2023 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი, რაც 76%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2022 წლის დეკემბერი – 306 რეისი).
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატა, 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.