კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების პენეტრაცია 95,7% იყო.
პენეტრაცია განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ყველაზე დიდია აჭარაში და თითქმის 137%-ს შეადგენს. მას მოჰყვება თბილისი (136,2%) სამცხე-ჯავახეთი (98%), ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი (85-85%), შიდა ქართლი (72%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონებში – 18,5%, ისევ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.
2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. საქართველოს ხუთი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა ქვეყნის აბონენტების რაოდენობის 62%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3385 სოფელია, საიდანაც აღნიშნული მომსახურება 2541-შია ხელმისაწვდომი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 31 სოფლით მეტია.