საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის პირველი კვარტლის საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 112.9 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 280 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 2.7-ჯერ აღემატება.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 55.7 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 105.1 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (50.1%-ით), ისე ტვირთბრუნვის (49.5%-ით) მოცულობა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტები 1 417.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 35.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა 697.5 ათასი მგზავრი (36.5 პროცენტით მეტი) მიიღეს, ხოლო აეროპორტებიდან 719.8 ათასი მგზავრი (34.0 პროცენტით მეტი) გაემგზავრა.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.