საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-25 ოქტომბერს, რიგით მე-18 თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, 2025 წლის ფესტივალის საზეიმო გაიხსნაზე ნაჩვენები იქნება სამი ანიმაციური ფილმი: „ცხოვრების ტანგო”, რეჟ. ლადო სულაქველიძე, „ბედი ჩაკრულოსი” – რეჟ. დავით სიხარულიძე და „გამოფენა”, რეჟ. ია გიგოლაშვილი, რომელიც ეძღვნება დავით სიხარულიძის ხსოვნას. ღონისძიება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართება.
1980-იან წლებში დაარსებული და 2007 წელს აღდგენილი ფესტივალი აერთიანებს საკონკურსო კინოპროგრამას, ინდუსტრიულ პლატფორმას „ფიჩინგ ფორუმი“ და პროფესიული მასტერკლასების ციკლს.
2025 წლის საფესტივალო საკონკურსო პროგრამაშია 12 ქვეყნის 17 კინოსკოლის 25 ფილმი.
საკონკურსო კინოჩვენებები, 22-24 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში გაიმართება.
საკონკურსო კინოპროგრამიდან გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის წევრებიც არიან: ლევან კიტია – კინორეჟისორი, პროდიუსერი (თბილისი, საქართველო); რადოსტინა ნევიკოვა – თეატრისა და კინოს ეროვნული აკადემიის პროფესორი, ანიმაციური კინოს რეჟისორი (სოფია, ბულგარეთი) და ნენად დიზდარევიჩი – სარაევოს კინოსკოლის პროფესორი, კინორეჟისორი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი (სარაევო, ბოსნია და ჰერცოგოვინა).
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: ფესტივალის გრანპრი; საუკეთესო მხატვრული ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო ანიმაციური ფილმი და სტუდენტური ჟიურის პრიზი.
ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები იმ კინოპროფესიების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში: საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის; საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის; დიპლომი საუკეთესო რეჟისურისთვის და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა.
ფესტივალის პროგრამაშია საგანმანათლებლო მასტერკლასები, რომლებსაც ჩაატარებენ ფესტივალის პარტნიორი/მეგობარი უნივერსიტეტების პროფესორები:
ადრიანო ვალერიო – ლუი ლუმიერის სახელობის პარიზის ნაციონალური კინოსკოლის პროფესორი (პარიზი, საფრანგეთი EICAR). მასტერკლასი – „ბუნდოვანი ხაზები მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში“.
აქსელ ბლოკი – მიუნხენის უმაღლესი კინოსკოლის პროფესორი, 40-მდე ფილმის დამდგმელი ოპერატორი (მიუნხენი, გერმანია HHF). მასტერკლასი – „როგორ მოვყვეთ ამბავი გამოსახულებით“.
რადოსტინა ნევიკოვა – თეატრისა და კინოს ეროვნული აკადემიის პროფესორი, ანიმაციური კინოს რეჟისორი (სოფია, ბულგარეთი). მასტერკლასი – „არატრადიციული ანიმაციური ტექნოლოგიები“.
მასტერკლასები გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში,.
22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფოიეში, ფესტივალის ფარგლებში სტუდენტური ფოტოგამოფენა გაიხსნება.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალმა დააარსა ინდუსტრიული პლატფორმა „ფიჩინგ ფორუმი“, რომლის ფარგლებშიც ახალბედა კინემატოგრაფისტებისთვის იმართება ვორქშოფი პირველი ფილმის პროექტის განვითარებისათვის. პლატფორმა ჟანრობრივად აერთიანებს მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს. საპრიზო ფონდი შედგა საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
2025 წელს „ფიჩინგ ფორუმის“ ტუტორია კინორეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, რომელიც 21-23 ოქტომბერს, სამდღიან ვორქშოფს ჩაატარებს მონაწილეთათვის, ხოლო თავად „ფიჩინგ ფორუმი“ 24 ოქტომბერს გაიმართება. წელს ჟიურის წევრები არიან: გიორგი ოვაშვილი – კინორეჟისორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ასოც. პროფესორი, თათია ახალშენაშვილი – კინორეჟისორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ასისტენტი და მარია სიჩანინი – კინორეჟისორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ასისტენტი.
ფესტივალის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართება, სადაც საკონკურსო კინოპროგრამის და ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კინოაკადემია, კომპანია „ლეპერტი“, რადიო „ფორტუნა“, AT.ge, პირველი არხი.

პროგრამა:
21 ოქტომბერი
11:00 – ფიჩინგ ფორუმი, ვორქშოპი, ტუტორი – ვახტანგ ჯაჯანიძე.
II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40 აუდიტორია 203.
19:00 – ფესტივალის ოფიციალური გახსნა – ანიმაციური ფილმი “ცხოვრების ტანგო” რეჟ. ლადო სულაქველიძე; ანიმაციური ფილმი “ბედი ჩაკრულოსი” – რეჟ. დავით სიხარულიძე; ანიმაციური ფილმი “გამოფენა” (ეძღვნება დავით სიხარულიძის ხსოვნას) – რეჟ. ია გიგოლაშვილი.
I კორპუსი, რუსთაველის გამზ. #19
22 ოქტომბერი
11:00 – ფიჩინგ ფორუმი, ვორქშოპი, ტუტორი – ვახტანგ ჯაჯანიძე.
II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40 აუდიტორია 203.
12:00 – პროფესორი რადოსტინა ნევიკოვა, მასტერკლასი ანიმაციაში – „არატრადიციული ანიმაციური ტექნოლოგიები “(NATFA).
II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40 აუდიტორია 203.
17:00 – სტუდენტური ფოტოგამოფენა – II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40.
18:30 – საკონკურსო ჩვენება. კინოაკადემია „ლურჯი დარბაზი “
(ძმები კაკაბაძეების #2)
23 ოქტომბერი
11:00 – ფიჩინგ ფორუმი, ვორქშოპი, ტუტორი – ვახტანგ ჯაჯანიძე.
II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40 აუდიტორია 203.
12:00 – პროფესორი აქსელ ბლოკი, მასტერკლასი საოპერატორო ხელოვნებაში- „როგორ მოვყვეთ ამბავი გამოსახულებით “(HHF).
II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40 აუდიტორია 203.
18:30 – საკონკურსო ჩვენება კინოაკადემია „ლურჯი დარბაზი“
(ძმები კაკაბაძეების #2)
24 ოქტომბერი
12:00 – პროფესორი ადრიანო ვალერიო. მასტერკლასი კინორეჟისურაში – „ბუნდოვანი ხაზები მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში“ (EICAR).
14:00 – ფიჩინგ ფორუმის პროექტების პრეზენტაცია. II კორპუსი, აღმაშენებლის გამზ. #40 აუდიტორია 303.
18:30– საკონკურსო ჩვენება კინოაკადემია „ლურჯი დარბაზი“
(ძმები კაკაბაძეების #2)
25 ოქტომბერი
19:00 – ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია
I კორპუსი, რუსთაველის გამზ. #19