ოქტომბრის ბოლოა და საქართველოში რთველი სრულდება. კახეთში და რაჭაში მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. რჩება მხოლოდ ლეჩხუმი, სადაც ასევე მალე დასრულდება რთველი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, 2021 წლის ყურძნის მოსავალი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. რთველმა წელსაც ვერ ჩაიარა სუბსიდირების გარეშე.
სახელმწიფომ დაფინანსება ტრადიციულად გამოჰყო. როგორი იყო რთველი მთლიანობაში, რა მოსავალი მივიღეთ და რით იყო გამორჩეული წლევანდელი შემოდგომა მევენახეებისთვის, ამის შესახებ ვესაუბრებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.
– როგორ ჩაიარა რთველმა მთლიანობაში? როგორც ვიცი ლეჩხუმში რთველს ცოტა ყინვებმაც მოუსწრო.
საბოლოო ჯამში რთველი ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა იყო რამდენიმე გამოწვევა. ძალიან ცუდ დროს იყო კახეთში სეტყვა. რთველი უკვე დაწყებული იყო და რამდენიმე მუნიცილიტეტში, ყვარელში, თელავსა და გურჯაანში საკმაოდ დიდი ფართობები დაისეტყვა. დაახლოებით 5 ათას ჰექტრამდე მოსავალი განადგურდა. სეტყვა სექტემბერში კიდევ განმეორდა.
ახლა ცაგერში კვლავ მიმდინარეობს რთველი. ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი ფაქტობრივად უკვე დაბინავდა. დარჩენილია წითელი ყურძნები, ესენია ოჯალეში და უსახელაური. გუშინ თოვლიც მოვიდა. პრინციპში იქ არა, სადაც ვენახებია. ყინვები ჯერ არ ყოფილა და მგონია, რომ ყურძენი დაბინავებას მოასწრებს. მით უფრო რომ ძალიან მცირე რაოდენობა დარჩა დასაბინავებელი.
– როგორია მოსავალი, რომ შევადაროთ წინა წლებს?
რაოდენობის მხრივ ნაკლებია, რაც ნორმალურია. წლიწანწლამდე იცით, რომ ყურძენი რაოდენობის მიღების მხრივ და განსაკუთრებით ხარისხით, დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ჩვენ წლის დასაწყისიდან ვცდილობდით, ფერმერებთან კომუნიკაციას და ვთხოვდით მათ, რომ აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე. რაც გამოიხატებოდა გაზაფხულზე ვენახების სხვლაზე, ვთხოვდით მათ, რომ ვაზი ნაკლებად დაეტვირთათ, რაც რაოდენობრივად გამოიხატებოდა, მაგრამ ნაკლებად დატვირთული ვაზი, უფრო კონცენტრირებულ და უფრო მაღალი ხარისხის მოსავალს იძლევა.
უდროო დროს მოსულმა სეტყვამ სამწუხაროდ იქონია გავლენა რაოდენობაზე და დაახლოებით 40 -50 ათასი ტონით ნაკლებია მოსავალი წელს, ვიდრე იყო შარშან. თუმცა მთავარი ხარისხია, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად გადამწყვეტია. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ის ფართობები და ის ბუნებრივი თუ რელიეფური პირობები, რომ ავსტრალიის, ჩილისა და ესპანეთის კონკურენტები გავხდეთ. ერთ კილოზე სიიაფითაც ვერ გავუწევთ მათ კონკურენციას. შესაბამისად ჩვენი გადამწყვეტი და კონკურენტური უპირატესობა არის ჩვენი უნიკალური ჯიშები და ჩვენი უნიკალური ღვინოები. ამ უნიკალურ ღვინოს სჭირდება გამორჩეული ხარისხი, იმიტომ რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან და ყურძნიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეცადოს სწორედ ხარისხზე გააკეთოს აქცენტი და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი შრომა აუცილებლად უფრო დაფასდება.
– ეს წელი ალბათ პირველი იყო, როდესაც თვალში არ მომხვდა ყურძნის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციები. ეს პროცესი როგორც წესი, არჩევნებს ემთხვევა ხოლმე და როგორც წესი, პოლიტიკურად აქტიურია ხოლმე რთველის პერიოდი.
საბოლოო ჯამში კარგია, რომ არ იყო ბევრი უკმაყოფილო. ამის მიზეზი ძირითადად არის ის სუბსიდირება, რაც სახელმწიფომ გააკეთა.
რამდენი იყო სუბსიდირების მოცულობა, როგორც კახეთში, ასევე შედარებით მაღალმთიან რეგიონებში – რაჭაში და ლეჩხუმში და როგორ ფიქრობთ, როდის მივალთ იმ ეტაპამდე, რომ ბაზარმა დაარეგულიროს და არ დაგვჭირდეს დამატებით ყურძნის სუბსიდირება.
შეიძლება ეს საკითხი ორად დავყოთ. კახეთში არის რქაწითელი და საფერავი და კახური მწვანე. ეს რამდენიმე წელია, თავისუფალი ბაზარი მოქმედებს. თქვენ ახსენეთ, რომ იყო ხოლმე რაღაც უკმაყოფილება. შარშან და შარშანწინ სწორედ საფერავის კუთხით, იმიტომ რომ საფერავზე 2018-ში იყო ძალიან დიდი მოთხოვნა და ჩვენ თუ ფასების მატების გრაფიკს შევხედავთ, 2018 წელი ამოვარდნილია და საკმაოდ მაღალი ფასი დაფიქსირდა, რამაც შემდგომში გავლენა იქონია 2019 – 2020 წლებზე და 2021 წელზეც კი.
ვფიქრობ, რომ ჩვენ კომუნიკაციით და ფერმერებთან მუშაობით ასე თუ ისე, შევძელით აგვეხსნა, რომ საფერავში პრინციპულად არ ვერევით ფასში. ამას აფიქსირებს თავიდან ბოლომდე ბაზარი.
მე მგონი, რომ მოსახლეობა ამას შეეგუა და მიხვდა, როგორ მუშაობს და რა პრინციპებზეა დაფუძნებული ეს თავისუფალი ბაზარი.
სრულიად სხვა სიტუაცია გვაქვს რქაწითელსა და მწვანეში, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, იმიტომ რომ შიდა ბაზარი თითქმის გაჩერდა და მოგეხსენებათ, რომ თეთრი ყურძენიდან დამზადებული ღვინო უფრო შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და ტურიზმისთვის.
ქართული ღვინის საექსპერტო პოტენციალი სწორედ საფერავში და წითელ ღვინოში გამოიხატება. ამიტომ მოგვიწია ბოლო 2 წელი სუბსიდირების ჩარევა სწორედ თეთრი ყურძნის ამბავში, სადაც ფაქტობრივად სახელმწიფო ადგენს იმ ზღვარს, რომლის ქვემოთაც ფასი ვერ ჩავა, იმიტომ რომ სუბსუდიის სქემით არის ეს გათვალისწინებული.
წელს მაგალითად ის კომპანია, რომელიც 90 თეთრს გადაიხდიდა ერთ კილოგრამ რქაწითელში და კახურ მწვანეში, შემდოგომში უნაზღაურდებოდა 35 თეთრი.
სუბსიდიის სქემით, ეს 90 თეთრი განიზაზღვრა მინიმალურ ფასად, შესაბამისად საშუალო, ფასი, რა თქმა უნდა, უფრო მეტია და ხარისხიდან გამომდინარე უნიკალურ ბიო ყურძენში მაღალ ფასს იძლევიან. საშუალო ფასი საფერავზე 92 თეთრი დაფიქსირდა კახეთის მასშტაბით.
ბოლო ორი წელი აქ სახელმწიფოს ჩარევა, ვფიქრობ, რომ ობიექტურად საჭირო და აუცილებელი იყო. წელს ჯამში ამ სუბსიდიის კომპონენტში წინასწარი მონაცემებით 49 მილიონ 5000 ათასი დაგვჭირდება, თუ კილოგრამზე 35 თეთრს დავფარავთ.
ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც კიდევ დაზუსტდება, თუმცა დიდი სხვაობა ამ საერთო თანხაში არ იქნება.
ღვინის საექსპორტო ბაზრები როგორ ვითარდება, ვნახეთ რომ ჩინეთის ბაზარი ჩვენთვის მზარდია და არ ვართ მხოლოდ რუსულ პოლიტიკურ ბაზარზე დამოკიდებული. თუმცა გავლენა ჯერ კიდევ დიდია რუსული ბაზრის ჩვენ ღვინოზე…
2021 წლის პირველი ცხრა თვე რომ შევაფასოთ, საკმაოდ ოპტიმისტური რიცხვებია. ყველგან არის ზრდა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი. პოლონეთს გამოვყოფ. გერმანიაც უკვე არის ქართული ღვინის ბაზრების ათეულში. აშშ-ში 800 ათას ბოთლზე მეტია უკვე გადაზიდული. 21-ე საუკუნეში, წელს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მილიონ ბოთლს გადასცდება ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში.
ასევე პირველად წელს რუსეთის წილი რაოდენობის პროცენტს ჩაცდა. მხოლოდ მცირედით, მაგრამ ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა.
ჩვენ თუ შევადარებთ ემბარგოს წინა პერიოდს 2005 წელს, 80 %-ზე მეტი იყო რუსეთის ბაზრის წილი, ანუ ამ ათეული წლების განმავლობაში ეს ტენდენციაც დადებითია. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის, რომ კიდევ უფრო შემცირდეს ერთი კონკრეტული ბაზრის წილი და ეს მოხდეს სტაბილური, დასავლური ბაზრების ხარჯზე.
ვფიქრობ, რომ დარგი კერძო სექტორის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შევძლებთ მეტ დივერსიფიცირებას და ამ ერთი კონკრეტული ბაზნის წილის კიდევ უფრო შემცირებას.
