LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 ივლისს „რესპუბლიკაში“ გიორგი მიქაძის კონცერტი გაიმართება

1003
giorgimiqadzenewsjl

გიორგი მიქაძემ, რომელიც  წარმატებით თანამშრომლობს ჯაზისა და პოპ-მუსიკის ლეგენდარულ არტისტებთან, საკონცერტო ტურით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, საკარანტინო პერიოდი  საქართველოში გაატარა. მუსიკოსმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში გადაწყვიტა,  ექსკლუზიური საღამო გამართოს ჯაზის მოყვარულებისათვის.

პარასკევს, 24 ივლისს, რესპუბლიკის ღია სივრცეში, უმშვენიერეს ტერასაზე  გიორგი მიქაძე წარმოგვიდგენს მის ერთ-ერთ საავტორო პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ GEORGIAN  SONGBOOK, Vol.1. გიორგისთან ერთად სცენაზე დაუკრავენ მიხეილ ჯაფარიძე (კონტრაბასი) და ჯორჯ მელი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

საღამო 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენა შესაძლებელია „რესპუბლიკაში“.  პროექტის მხარდაჭერებია: თიბისი სტატუსი და კომპანია Yamaha-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

გიორგიმ პროექტის შექმნის იდეა და კონცერტის ჩატარების დეტალები რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურად გაუზიარა.

„პროექტი “GEORGIAN  SONGBOOK”-ის პრეზენტაცია შედგა 2017 წლის 20 დეკემბერს ნიუ-იორკში Yamaha-ს არტისტ ცენტრში, ეს დღე ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, რადგან  პრეზენტაციას უამრავი ქართველი ემიგრანტი დაესწრო. მას შემდეგ  „ქართულ სიმღერათა კრებული“ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში შევასრულე. თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვგეგმავდი კონცერტის ჩატარებას, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და გეგმები შეცვალა.

პროექტის შექმნის შთაგონება იყო გენიალურ ქართველ კომპოზიტორთა კონო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს წარმოადგენს და ბავშობიდანაა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი. ქართველი მუსიკოსები ხშირშემთხვევაში ამერიკულ ჯაზსტანდარტებს ვასრულებთ, მაშინ როდესაც, ქართველი კომპოზიტორებიც უმშვენიერეს მელოდიებს წერდნენ, ისევე როგორც ამერიკელი მუსიკოსები ჰოლივუდური ფილმებისთვის, თუ ბროდვეის შოუებისთვის, რაც მოგვიანებით ჯაზ-სტანდარტად ჩამოყალიბდა.

მოგეხსენებათ ჯაზში არსებობს ე.წ. ჯაზსტანდარტები – Jazz Standard,  მუსიკალური თემები, რომლებიც ჯაზის მუსიკოსების რეპერტუარის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენენ და  „ჯაზის ხელოვნების“ დაუფლებისას სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. იშვიათია ჯაზის საღამო და ჯემსეიშენი, რომ მუსიკოსებმა არ შეასრულონ ყველასათვის კარგად ცნობილი ჯაზსტანდარტები.   ეს ამერიკული მუსიკის უმშვენიერესი კომპოზიციები, რომელთა რიცხვი საკმაოდ ვრცელია თავმოყრილია კრებულში რომელსაც ეწოდება „The Great American Songbook“-ი.

სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ შემერჩია ქართული სიმღერების მარგალიტები და ეს უკვდავი კომპოზიციები  შემეკრა ერთ პროექტად; აღნიშნული კომპოზიციები ფორმის, დრამატურგიის და ჰარმონიული თვალსაზრისით მომერგო ტრადიციული ჯაზსტანდარტის კანონიკური ფორმებისათვის და მექცია ქართულ ჯაზსტანდატრებად. გავაკეთე თითოეული მათგანის არანჟირება და უმაღლესი დონის პროფესიონალი მუსიკოსების შესრულებით ამერიკელ და ევროპელ მსმენელს წარვუდგინეთ არა The Great American Songbook“ არამედ „The Great Georgian Songbook“-ი.  მინდა გითხრათ რომ ყველა ქვეყანაში ძალიან დიდი ინტერესით ისმენენ ქართველი კომპოზიტორების შედევრებს, რომლებიც განახლებული ვერსიით ახალ რეალობაში ავაჟღერეთ.

სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, შევქმნა ჯაზური მუსიკალური ლიტერატურის კრებული და ჩემს მიერ შედგენილი არანჟირებები გამოვცე ე.წ.  რიალ ბუქად (Real Book) – რომლებშიც მოცემული იქნება ქართული ჯაზსტანდარტების მელოდიები შესაბამისი თანმხლები ჰარმონიით (მოცემული ჯაზური სიმბოლიკით).

ჩემი მიზანია, ეს უმშვენიერესი მელოდიები, რომელებიც 60-იანი წლებიდან იქმნებოდა, შესრულდეს არამარტო საქართველოში, არამედ  გაიცნოს და დააფასოს მსოფლიომ.  ვფიქრობ, რომ პოპულარიზაციის და აქტივობების მეშვეობით თავისუფლადაა შესაძლებელი მსოფლიოში ცნობილმა და აღიარებულმა ჯაზმუსიკოსებმა თავიანთ კონცერტებზე  დიუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერის, დიზი გილესპის, თელონიუს მონქის  გვერდით შეასრულონ დავით თორაძის, გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, სულხან ცინცაძის, ბიძინა კვერნაძის და სხვა გენიალურ ქართველ კომპოზიტორთა ჯაზსტანდარტებად ქცეული კომპოზიციები.

რაც შეეხება უშუალოდ 24 ივლისის საღამოს, „რესპუბლიკაში“ კონცერტის ჩატარებას – ეს იდეა შემომთავაზა რესპუბლიკის მენეჯმენტმა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მიხარია, რომ Yamaha-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, სპეციალურად ამ კონცერტისათვის განათავსებს იამაჰას თეთრ საკონცერტო როიალს. იმედი მაქვს რომ ქართველ მსმენელს სასიამოვნო საღამოს ვაჩუქებთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები