ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხვალ, 24 ნოემბერს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ.
აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.
ამ ეტაპზე ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.
„ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო, ხვალ შუადღემდე, დღის ერთ მონაკვეთში, თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ, მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა, მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა – 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.