LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის შემდეგ შესრულებული ია ჩანტლაძის სიმღერა: „ვიცოდი, რომ ეს სიმღერა ძალიან უყვარს ხალხს, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდი…“

985
ია ჩანტლაძე მთავარი

ია ჩანტლაძემ ახლახან თავისი ძველი ჰიტი „არ მიყვარხარ“ გაგვახსენა და მისი განახლებული ვერსია „ღამის შოუში“ შეასრულა. ამ შესრულებამ უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია, რასაც თავად მომღერალი არ ელოდა. არაჩვეულებრივი ცოცხალი გამოსვლის შემდეგ მსმენელმა კიდევ ერთხელ აღიარა იას ვოკალური შესაძლებლობები.

ია ჩანტლაძე „ფორტუნას“ 25 წლის წინ შექმნილი სიმღერის ახალ ვერსიაზე ესაუბრა:

„ეს ვერსია იყო ლაივი, ანუ ცოცხლად შესრულებული. ექსპრომტად მოხდა და გადაცემისთვის მომზადდა. გელასთან წინასწარ შევთანხმდი, როგორ უნდა გაკეთებულიყო. პატარ-პატარა ცვლილებები შევიტანე, მოვარგე ჩემს თავს. როცა მივედი, გავიარეთ ორ-სამჯერ რეპეტიცია და ჩაიწერა ერთ დუბლში.

ამ სიმღერის ჩაწერიდან 25 წელი გავიდა. ძალიან ბევრია და ხანდახან არ მჯერა. ეს გამოხმაურება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ვიცოდი, რომ ეს სიმღერა ძალიან უყვარს ხალხს, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდი. იმდენი ხანია, არ გამოვჩენილვარ, რომ არ მეგონა, ხალხის ასეთ რეაქციას მივიღებდი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უნდა მოვძებნო დრო და დავუბრუნდე მუსიკას.

ვიდეო: „ბავშვობა გამახსენდა…“ – 25 წლის შემდეგ, ია ჩანტლაძემ ცნობილი ჰიტი „არ მიყვარხარ“ შეასრულა

გარდა ნახვებისა და კომენტარებისა, პირადად მირეკავენ და მწერენ. მართლა დიდი მოტივაციაა, რომ ახალი რაღაცები გავაკეთო. ჩემს საქმიან დღიურში ჩამოწერილი მაქვს, რის მერე რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიდე ფორმაში, ისეთში, როგორშიც მინდა ვიყო. ვოკალურ ფორმას ვგულისხმობ. მაქსიმალისტი ვარ და სწორედ ამის გამო არ ვჩანვარ ამდენი ხანია. ამასობაში კი გავიდა წლები…

არგამოჩენის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესით ხარ დაკავებული და შენი უსაყვარლესი ტყუპებით…

აქტიურად ვარ ჩართული ბავშვების გაზრდაში. ახლა ცოტა წამოიზარდნენ და შემიძლია, თავს უფლება მივცე, ცოტა რამ მუსიკაშიც გავაკეთო.

ია ჩანტლაძე იმის შესახებ, როგორი რთულია ტყუპის დედობა: „სულ ორად ვარ გახლეჩილი…“

როგორი დედა ხარ?

ეს, ალბათ, სხვამ უნდა თქვას, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ. ძალიან დიდ სიყვარულში ვზრდი. ეს თავისთავად ხდება. შეიძლება, ეს ფსიქოლოგებმა გასწავლონ, მაგრამ 24 საათი პირიდან ამომდის, დედიკო, მიყვარხარ. მთელი დღე დავდევ და ვეფერები. ამაზე კარგს ვერაფერს გავუკეთებ. მაქსიმალურად ვცდილობ მათ აღზრდაში ფიზიკურად ჩავერთო. ეს ფუფუნებაა ბევრი მშობლისთვის. გვიან გავაჩინე ბავშვები და მანამდე მოვახერხე შემექმნა ჩემთვის ასეთი ფუფუნება. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა .იგრძნობა ბავშვების ხასიათში, რომ დედა ჰყავთ გვერდით.

შენი მეუღლე აქ არის?

მიდი-მოდის, ხან აქ არის, ხან – იტალიაში.

ბავშვები თავიანთ მეორე სამშობლოში, იტალიაში არ ყოფილან?

ჯერ არ ყოფილან. პატარები არიან. პანდემია დაემთხვა და ამიტომ ჯერ ვერ მოვახერხეთ მათი წაყვანა.

თუ მღერიან?

დიდი სმენა არც ერთს არ ეტყობა (იცინის). ისე კი მღერიან, ჯერჯერობით განსაკუთრებულ ნიჭს ვერ ვამჩნევ. მიას ძალიან უყვარს მუსიკა. სულგანაბული უსმენს.

დედიკოსაც?..

„ღამის შოუში“ დედიკოს რომ მოუსმინეს, შოკში ჩაცვივდნენ. ვერ გაიგეს, როგორ მოხდა, რომ აქაც დედიკოა და იქაც. ალესანდრო მთხოვდა, მეორე დედიკო მომიყვანეო. მიამ რომ მოუსმინა, სიყვარული ამიხსნა., დედიკო, ძალიან მიყვარხარო, მითხრა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები