LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26-მა მწარმოებელმა ქართული ღვინო ProWein-2018-ზე წარადგინა

124

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2018 ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით. გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო.

„დიუსელდორფის ProWein-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის სექტორში. საქართველო უკვე 10 წელზე მეტია მასში სტაბილურად მონაწილეობს და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. წელსაც, ძალიან ბევრი ქართული ღვინის დამფასებელი და მომხმარებელი მოვიდა ქართულ სტენდზე. დიუსელდორფის გამოფენაზე ქართული ღვინის კარგად წარმოჩენა ერთგვარი საწინდარია, რომ ახალ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო კარგად გაიყიდოს“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სამინისტროს განცხადებით, მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენაში საკუთარი პროდუქცია 64 ქვეყანამ წარმოადგინა და მას 60 ათასამდე ღვინით მოვაჭრე და იმპორტიორი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობაა.

”საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს და ერთიანი ქართული სტენდი წლიდან წლამდე წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი ხდება. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო 26-მა კომპანიამ წარადგინა”, – აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული ხალხმრავლობით და პროდუქტიული საქმიანი შეხვედრებით გამოირჩეოდა.

ცნობისთვის, ProWein-2018-ში მონაწილეოდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „მეგობრების მარანი“, შპს „ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, KTW, „გურამიშვილის მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღინო“, „მარნის კარი“, „ბოლერო“, „შილდა“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „თელიანი ველი“, „კახური“, „ვიტე ვერა/ბესინი“, „შუხმანი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ხარება“, „შუმი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, GWS, „შატო მუხრანი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კორპორაცია ქინძმარაული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g