LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„26 ოქტომბრის არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით“ – როგორ აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს

132
2024-11-14_01-44-25_861628

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ.

როგორც ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, ქართველებს არ სურთ იყვნენ პუტინის ორბიტაში.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული.

„ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ გამოძიებულ და პასუხი გაცემულ უნდა იქნას. ისინი ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, – განაცხადა მაკალისტერმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

„26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს“, – ამბობს ის.

ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ უწოდებს.

„2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის ნაწილი იყო.

„თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაყინულია. ხელახლა უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო სტატუსს. აღარ შეგვიძლია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ორმხრივი დახმარების გამართლება.

ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი პრო-ევროპულ გზას უჭერენ მხარს, ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს ორივესთან – საქართველოს საზოგადოებასთან და “ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.

ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ცხადი რომ ვიყო – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

magti 5g