LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“27 წელი ლეგენდარულად არაფხიზელი ვიყავი, ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ცხოვრებას ვსწავლობ ახალი წესებით” – გუკა რჩეულიშვილი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მათ, ვისაც მაგალითი სჭირდება

146
gukarCeuliSvili

გუკა რჩეულიშვილი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებიდან თავის დაღწევის შესახებ წერს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, მათ ვისაც მოტივაცია სჭირდება. როგორც რჩეულიშვილი აღნიშნავს, ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს ცხოვრებას ახალი წესებით და იმ განცდებს გადმოსცემს, რაც ამ რთულ გზას ახლავს თან.

“ამჯერად უნდა დავწერო ჩემი გამოჯანმრთელების ქრონიკებზე, პირველ რიგში ამას იმ უამრავი ადამიანისთვის ვწერ ვისაც მაგალითი სჭირდება, ასევე თვითდაჯერებისთვისაც.

წელიწადი და ექვსი თვე გავიდა, რაც საღად ვაზროვნებ, მანამდე კი 27 წელი ლეგენდარულად არაფხიზელი ვიყავი.

არაფერია ცხოვრებაში მარტივი განსაკუთრებით მეტამორფოზა. საკმაოდ რთულია წარსული პატერნების გადაპროგრამირება, ახალ აზროვნებით და ქცევით მოდელებთან ადაპტაცია, წარსული ბილიკების დავიწყება, გამოღვიძება და ილუზიების გარეშე რეალურ სამყაროსთან პირისპირ დარჩენა, რთულია მაგრამ უზომოდ საინტერესო.

საერთოდ, ადამიანს ახლის მიღება ყოველთვის უჭირს, ჩვენ ხომ კონფორმისტები ვართ თან თუ დაკვეთას საკუთარი ალტერ-ეგო გვაძლევს დიდი სიხარულით ვემორჩილებით ამ არაცნობიერ იმპერატივს.

სულ მეგონა რომ ნარკოტიკების მიღება ჩემი არჩევანი იყო, მარტივად ვაპრავებდი ამას “თავისუფალი ნების” სახელით, ვაპრავებდი იქამდე სანამ თავისუფლება ბოლომდე არ წამართვა, როგორ ფიზიკური, ასევე შინაგანი, მენტალური. დავეცი ბოლომდე, მაგრამ როგორც კაზანძაკისი წერს; ღმერთამდე მიღწევა მხოლოდ ლუციფერს ძალუძსო, რამეთუ ის უფსკრულიდან აფრინდებაო.

დიდი ხანი ვიყურე ამ უფსკრულს თვალებში, გადავიხადე ხარკი იმ პრივილეგიებისთვის, რომელიც ბავშობიდან მხვდა წილად. ახლა კი გამოვიღვიძე და ნაბიჯ-ნაბიჯ ცხოვრებას ვსწავლობ ახალი წესებით, შემიყვარდა ყოველდღიური რუტინა, დეტალებისგან სიამოვნების მიღება, სამყაროზე დაკვირვება უფილტრო სათვალით. მელანქოლიაც კი მაგრად ასწორებს.

არა მართლა სიტყვა “რუტინა” ვინმეს რაიმე პოზიტიურ კონტექსტში რომ ეხმარა ჩემთან, ყველაზე ცოტა მაგრად დაიცინებოდა, ახლა კი სათნოებით კატეგორიაში მყავს აყვანილი რუტინული პრაქტიკები, თვითინვენტარიზაცია, მედიტაცია, ვარჯიში, ფეხით სიარული და განრიგში მოქცეული მუშაობა.

მორალისტობა არ მიყვარს, ყველას თავის გზა აქვს, უბრალოდ მარტივი ჭეშმარიტებაა რომ თავისუფლება და სიცოცხლე, ტყვეობას და სიკვდილს ჯობია, ამ სიტყვებს ჰიპოთეტური პათოსით არ ვიძახი, ეს სიკვდილი სამწუხაროდ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია.
კანტმა თქვა, ბედნიერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ის, ვინც იცის რომ ბედნიერების ღირსიაო, ბედნიერებას ანუ დოპამინის ფეირვერკებს აღარ ვეძებ, რამეთუ მას შემდეგ რაც ცხოვრებამ თავის ბნელ დერეფნებში წლები მატარა სიმშვიდე მოვიპოვე და რაც მთავარი ვიცი რომ ის მეკუთვნის, საერთოდ ადამიანს რაიმესი თუ გწამს, სულერთია “კაცობრიობა” იქნება ეს, “ღმერთი”, “სინგულარობა” თუ “სიყვარული” მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და არასდროს არის გვიან ცვლილებებისათვის, deus ex machina ჩვენი ისტორიების უხილავი ნაწილია, მთავარია შეიცნო თავი შენი და შემდეგ იმოქმედო, გამოსავალი კი მხოლოდ მოქმედებაში არსებობს.

ერთი სიტყვით ცხოვრება მართლაც რომ მშვენიერია და კრისტალური სიცხადით მასზე დაკვირვება კიდევ უკეთესი”- წერს რჩეულიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g