27 წლის ქალზე 7 წლის განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. სავარაუდო მოძალადეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა – ისინი გოგოს ოჯახის წევრები არიან: მეუღლე და მისი ძმა. 27 წლის გოგო შვილებთან ერთად ამჟამად თავშესაფარში იმყოფება.
როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ქალზე ძალადობას ოჯახის წევრები, ბავშვების თანდასწრებით, წლების განმავლობაში ახდენდნენ.
მისი თქმით, მიუხედავად გოგოს არაერთი მცდელობისა, სამართალდამცველები მისი საქმით წლების განმავლობაში არ დაინტერესებულან.
ადვოკატი ტელეკომპანია “ფორმულასთან” მთელ რიგ სისტემურ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალის დასახმარებლად შესაბამისი რეაგირება არც 3 წლის წინ იყო, როდესაც მან სამართალდამცველ ორგანოებს პირველად მიმართა და არც მომდევნო ჯერზე, 1 წლის წინ.
ადვოკატის განცხადებით, მსხვერპლს ამის შემდეგ უფლებადამცველთან კომუნიკაცია აუკრძალეს და ოჯახის წევრები მასზე სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
“მასზე მუდმივად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არამარტო მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი. ძლივს მოინახა თავშესაფარი, სადაც გადაიყვანდნენ ბავშვებს. ამ პერიოდში ბავშვების უფლებები დაირღვა იმიტომ, რომ არ ესწრებოდა სოციალური მუშაკი, არ იყო ფსიქოლოგი ჩართული, ღამის საათებში რატომ უნდა იყოს ბავშვი უჭმელი და უძილო პოლიციაში. ასევე, არ მანახეს სავარაუდო დაზარალებული” – ამბობს ადვოკატი “ფორმულასთან”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ძალადობის მუხლით დაიწყო.
2021 წლის სამ თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა