„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
აქციაზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
“ამ კურსს საქართველოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, არათუ სურვილი, არამედ ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ ჩვენი თაობის ხმა გაეგო მთელ საქართველოს, მთელს ევროპას. ჩვენ ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ ვართ უძველესი ერი, რომელიც საუკუნეებია ცხოვრობს ევროპული ღირებულებელებით და ამკვიდრებს ევროპას ჩვენს რეგიონში. დიახ, ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით, ჰუმანიზმით, ტოლერანტობით, სოლიდარობით ვცხოვრობდით, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ მომავალშიც, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე ახლოა ევროპულ ოჯახში ჩვენი სრული ინტეგრაცია. დღეს საერთო ძალისხმევით ხმას მივაწვდენთ თანატოლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ამისთვის მადლობა პარტიის ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ საქმეში, თუ ასე ერთად დავდგებით, ერთად შევქმნით იმ საქართველოს, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.
