29 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძე ქართველ მსმენელს შეხვდება. ბერკლის ქართველი ასოცირებული პროფესორისა და ცნობილი პიანისტის მიერ შესრულებული იქნება ქართული მელოდიების ჯაზური ვერსიები, რომლებიც მის ალბომში შევიდა. გიორგის საკმაოდ დიდი გეგმები აქვს, რომელთა შესახებ თათა სადრაძის გადაცემაში „არტ ფმ“ საუბრობს, რადიო „ფორტუნაზე“.
გიორგი მიქაძე:
„მიხარია, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაიგეგმა ჩემი კონცერტი. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვხვდები ხოლმე ჩემს მსმენელს საქართველოში და ძალიან კარგად დაიგეგმა წინასაახალწლოდ ეს კონცერტი. 29 დეკემბერს შევასრულებ ქართულ სიმღერათა კრებულს, ეს არის ჩემი ალბომი, რომელიც საფრანგეთში ჩაიწერა და გამოიცა, უამრავი პრიზი მიიღო საფრანგეთში და ბევრი რეცენზიაც დაიწერა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბევრ ადგილას შევასრულე ეს პროგრამა. ახლახან იყო ტური საფრანგეთში, ასევე კენედის ცენტრში – ამერიკაშიც. მიხარია, რომ საქართველოში ჩამოდის ჩემი ფრანგული ტრიო. საახალწლოდ, ასეთ რთულ წელიწადს დავამთავრებთ ამ კარგი ენერგიით, რომელსაც ხალხს კონცერტზე შევთავაზებთ. იმედი მაქვს, რომ ეს ენერგია შემდეგ წელსაც გაჰყვებათ.
კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ პროგრამაზე…
ეს არის ქართული ლამაზი მელოდიები, რომლებზეც გავიზარდეთ ყველა, გადაწყვეტილი ჯაზური ინტერპრეტაციებით. ასევე შესრულდება ჩემი საავტორო კომპოზიციები, რომლებიც ქართული ფოლკლორითა და მელოდიებით არის გამსჭვალული.
სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ…
ძალიან კარგი გეგმები მაქვს. 25 და 26 იანვარს, ზემოთ ხსენებული ალბომის გაგრძელებას ვწერ, მეორე კრებულს, რომელიც ჩაიწერება ძალიან აღიარებულ მუსიკოსებთან – ესენი არიან ჯეფ ბალარდი და ლარი გრენადიერი, რომლებიც ბრედ მალდაუსთან ერთად უკრავდნენ წლები. ბედნიერებაა ამ წარმატებულ მუსიკოსებთან ურთიერთობა. ჩემი ფრანგული ლეიბლი ჩაწერს. გარკვეული თანხა დარჩა, დიდ ხარჯებს უკავშირდება ალბომის ჩაწერა, ამიტომაც თანხას ვაგროვებთ და ჩემი მსმენელი სულ მიცხადებს ამ მხრივ მხარდაჭერას. ამის შემდეგ მივემგზავრები ლოს ანჯელესში და უნდა დავესწრო „გრემის“ დაჯილდოებას, სადაც უკვე ხმა მივეცი. შემდეგ დავუბრუნდები ბერკლის სტუდენტებს. მაქვს დაგეგმილი კონცერტი ლონდონში, პარიზში და სხვაგანაც მიემატება.
რომელია შენი ცხოვრების მელოდია ამჟამად?
ახლა ისეთი ჭიდილია ყველგან, რომ „საჭიდაო“ გამახსენდებოდა, რომელიც გაკეთებული მაქვს. კიდევ არის ერთი მელოდია, რომლის სახელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, მასზე ამჟამად ვმუშაობ.
