LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნიკალურ მოვლენად იქცა „შეყრა“, მე-12 წელია იდგმება და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას” – დათო დოიაშვილი – „არტ-FM“-ში

884
დათო დოიაშვილი

10 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს რეჟისორი დათო დოიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

პოსტპანდემიური პერიოდი და ახალი თეატრი

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი თეატრის მაყურებელს, რომელიც ყოველთვის გვგულშემატკივრობს და გვანებივრებს სიყვარულით. 

უცნაურია, მაგრამ პანდემია, რომელიც ყველასთვის კოშმარულ მოგონებად იქცა, მე ძალიან კარგად მახსენდება. იმ პერიოდში მხოლოდ მშენებლობა იყო დაშვებული, ძალიან გაგვიმართლა, რადგან ორ წელიწადში გავარემონტეთ თეატრი და პანდემიის დასრულება ჩვენი თეატრის გახსნით აღვნიშნეთ. ვფიქრობ, პანდემიას თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა, რადგან სწორედ შეზღუდვების, იზოლაციისა და მოჭარბებული ციფრული პროდუქციის გამო გაუჩნდა პუბლიკას ცოცხალი ხელოვნების მოთხოვნილება. მიხარია, რომ განსაკუთრებული პოპულარობა თეატრმა მოიპოვა, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდებმა შეიყვარეს.

თეატრის ძალა

მართალია, თეატრს არ აქვს რადიკალური ცვლილებების განხორციელების ძალა, მაგრამ ნამდვილად შეუძლია აიძულოს მაყურებელს დაფიქრება, რათა თვითონ იზრუნოს საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლაზე.

შეფასება

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველას ერთნაირად მოეწონოს სპექტაკლი. ზოგი აღფრთოვანებულია და რამდენჯერმე ნახულობს საყვარელ დადგმას, ზოგი პირით, უკმაყოფილოა და მხოლოდ ღიზიანდება. ნაკლებად ვფიქრობ შეფასებაზე, ჩემთვის მთავარი კარგი სპექტაკლის დადგმაა, რომლისაც არასდროს შემრცხვება. შეიძლება წარმოდგენა არ იყოს სრულფასოვანი, ვერ განვახორციელო ყველა ჩანაფიქრი, მაგრამ საკუთარ თავთან მაინც არ უნდა შემრცხვეს.

არ შეიძლება თეატრის სამსახურად აღქმა, სადაც მიხვალ, იმუშავებ და დღის ბოლოს წამოხვალ. თეატრი – ცხოვრებაა, რეჟისორობა კი – ბავშვობის გაგრძელება, რადგან ჩვენ მთელი ცხოვრება რაღაცას ვთამაშობთ. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად თამაში სულ უფრო რთულდება, რადგან ყოველთვის ახალი თავშესაქცევის  მოფიქრება გიწევს, რომელსაც სხვასაც დააჯერე და გაიტაცებ, მაგრამ ასე უფრო საინტერესო და აზარტულია.

სირთულეები თანამედროვე თეატრში

თეატრსაც იგივე პრობლემები აქვს, რაც ზოგადად ხელოვნებას. ხშირად ჩნდება შეკითხვა – რა უნდა დაწეროს მწერალმა ან დახატოს მხატვარმა, როცა ყველაფერი დაწერილი და დახატულია. ზუსტად იგივე დილემის წინაშეა თეატრიც, თითქოს ყველაფერი დადგმული და ნათამაშებია, მაგრამ მაინც უამრავი დარჩა სათქმელი, რაზეც აუცილებელია საუბარი, დიალოგის გამართვა მაყურებელთან და მასთან დაახლოება.

„ვერაგობა და სიყვარული“ ბუდაპეშტში

ხუთი პიესა გავგზავნე, როცა ბუდაპეშტის თეატრმა სპექტაკლის დადგმა შემომთავაზა. ოთხი ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა, მეხუთე – „ვერაგობა და სიყვარული“ კი, 18 წლისამ წავიკითხე და მახსოვდა, რომ მომწონდა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ შილერის 5-აქტიანი პიესით არავინ დაინტერესდებოდა, თუმცა ზუსტად ის მოიწონეს. ძალიან ბევრი საქმე მქონდა, ამიტომ შეკამათება დამეზარა, თან 4 თვე მქონდა და ვიფიქრე, რომ წაკითხვასაც მოვასწრებდი და გააზრებასაც. საბოლოოდ, მხოლოდ თვითმფრინავში დავიწყე პიესის კითხვა, უამრავი ახალი და მოულოდნელი აღმოვაჩინე, არ მეგონა, რომ 18 წლის ასაკში ასეთი გულუბრყვილო ვიყავი, უამრავი ილუზია მქონდა და იმის მჯეროდა, რაზეც დღეს მხოლოდ მეღიმება. საინტერესო აღმოჩნდა დღევანდელი გამოცდილების ბავშვობასთან შედარება და იმ გზის შეფასება, რომელიც გავიარე.

მცირე დროში გავიარეთ 27 რეპეტიცია, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა საზღვარგარეთ მუშაობისას პირველ რიგში სწორედ დროის მენეჯმენტს სწავლობ. მე სხვაგვარად მუშაობას ვარ შეჩვეული – რეპეტიციაზე ყოველთვის მონახაზი, ზოგადი წარმოდგენა მაქვს საბოლოო შედეგზე და მსახიობებთან ერთად ვცდილობ იმ მთავარის მოძებნას, რომელიც ნელ-ნელა შეივსება და მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე, უცხოეთში კი, ძიების დრო არ გაქვს, ყველაფერი ზუსტად და წინასწარ უნდა იცოდე, თუმცა მუშაობის ამგვარი მეთოდიც საინტერესოა, მთავარია სწორად გაიარო მოსამზადებელი პერიოდი, რადგან არასდროს გაქვს შეცდომის დაშვების და გამოსწორების დრო.

შვილები და თეატრი

არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემმა შვილებმა რეჟისორის პროფესია აირჩიონ. ზოგადად, არავის არ ვურჩევ რეჟისორობას და თეატრში მუშაობას. მეტიც, ახალგაზრდა მსახიობებს პირველ რიგში სწორედ ამას ვეუბნები, რომ თუ თეატრის გარეშე შეუძლიათ ცხოვრება, მაშინ იცხოვრონ და სხვა სფეროში მოძებნონ საკუთარი თავი, რადგან თეატრი ნაკლებად შემოსავლიანია, სამაგიეროდ უზარმაზარ მსხვერპლს, პრაქტიკულად ყველაფრის შეწირვას მოითხოვს.

ანა მაქსიმალურად მოვარიდე თეატრს, უამრავი საბავშვო სპექტაკლი დავდგი, მაგრამ არც მიფიქრია მისთვის შეთავაზება, თუმცა, არც ეს აღმოჩნდა სწორი, რადგან 16 წლისა სრულიად მოულოდნელად მომადგა და გამომიცხადა, რომ ბერკლის სასწავლებელში ჩააბარა და ამერიკაში მიემგზავრებოდა. დაროს შემთხვევაში  ყველაფერი პირიქით გავაკეთე, ყველა სპექტაკლში მოვუძებნე როლი და თავი მოვაბეზრე, ინტერესი დაკარგა თეატრის მიმართ და ძალიან მომწონს. ჯობია ბავშვობაში მოიოხოს გული, მერე კი, სხვა პროფესია აირჩიოს.

ოჯახი

ანა იმ ასაკშია, როცა მისი მსოფლმხედველობა, ფასეულობები და ინტერესები ყალიბდება, ამიტომ არ მიმაჩნია სწორად რჩევების მიცემა. ვფიქრობ, უმჯობესია დამოუკიდებლად გაერკვეს საკუთარ თავსა და სურვილებში, თვითონ დაეცეს და თვითონ დადგეს ფეხზე, მე კი, შორიდან შევხედავ და მივეხმარები თუ დავჭირდები.

ჩემმა მეუღლემ ჩემი მოთხოვნით თქვა უარი მსახიობის კარიერაზე, რაც დღეს ძალიან არასწორად, ნამდვილ ვანდალიზმად მეჩვენება. მართალია, ჩემს სპექტაკლში არასდროს მივიწვევდი, რადგან ძალიან მესაკუთრე ვარ და არ მიყვარს საკუთრის სხვასთან განაწილება, მაგრამ ნამდვილად არ უნდა შემეშალა ხელი მისი განვითარებისთვის. საერთოდ, არ მიყვარს ოჯახზე საუბარი, რადგან ძალიან რთული თემაა და ასე ორ სიტყვაში ვერ ახსნი.

დათო დოიაშვილი შინაურ გარემოში

სიმართლე ვთქვა, სახლში ძალიან იშვიათად ვარ, მხოლოდ გვიან ღამით მივდივარ დასაძინებლად, რადგან მთელ დროს თეატრში ვატარებ. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მამა გამოვდექი, არასდროს მქონდა შვილებისთვის საკმარისი დრო. ვცდილობ შეცდომა დაროსთან გამოვასწორო, მასთან საუბრისა და თამაშისთვის მაინც გამოვნახო ცოტა დრო.

სპექტაკლი – საუკეთესო თერაპია

ნაკლებად მახსენდება მოვლენები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ვფიქრობ, ადამიანზე ყოველდღიური ცხოვრება ახდენს გავლენას. ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყებამდე პირველ რიგში, მაყურებელთან სასაუბრო თემებზე ვფიქრობ, ყოველთვის ის მინდა ვუთხრა რაც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი. თუმცა, როცა ჩამოწერას ვიწყებ, ყველაფერი „ტუფტა“ ლოზუნგებს ემსგავსება და მხოლოდ ჩაღრმავების შემდეგ ვხვდები, რამდენად ტკივილიანი გზა გავიარე, მაგრამ არც საკუთარ მინდა საუბარი, ამიტომ შესაბამისი მასალის ძებნას ვიწყებ, რომელშიც საკუთარი განცდების გადატანას შევძლებ. სპექტაკლი – ერთგვარი თერაპიაა, რადგან თუ ბოლომდე და გულწრფელად თქვი ყველაფერი რაც გაწუხებს, მაშინ დარდისგან შეძლებ გათავისუფლებას.

ყველაზე რთული სპექტაკლი

როცა სპექტაკლის დადგმა გიჭირს, საერთოდ უნდა შეეშვა. ზოგადად, სპექტაკლი ძალიან უცნაური ფენომენია, საკუთარი ცხოვრება და ბედი აქვს, რომელსაც თვითონ განაგებს. ბევრჯერ მეგონა, რომ უნიკალურ წარმოდგენას ვდგამდი, მაგრამ მოგვიანებით იმედი გამიცრუვდა, ან პირიქით, ვფიქრობდი, რომ არაფერი გამოვიდოდა და საბოლოოდ შედევრი მივიღე.

უნიკალურ მოვლენად იქცა „შეყრა“, რომელიც პირველად 12 წლის წინ დავდგით.

ძალიან რთული აღმოჩნდა სპექტაკლზე მუშაობა, რადგან არც ტექნიკა იყო, არც მიუზიკლზე მუშაობის, ცოცხლად სიმღერის გამოცდილება გვქონდა, უფრო ექსპერიმენტს ვატარებდით, რომლის შედეგი თვითონაც გვაინტერესებდა. მცდელობამ გაამართლა, ერთი სეზონის ნაცვლად მე-12 წელია იდგმება და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

მსახიობებთან მუშაობა

მთავარი იმ გარემოს შექმნაა, რომელიც ჯერ რეპეტიციას, მერე სპექტაკლს სჭირდება, რადგან მხოლოდ შესაფერის გარემოში შეუძლია მსახიობს სრულად გახსნა და შესაძლებლობების, ფანტაზიის მაქსიმალურად გამოვლენა. სწორედ გარემოს შექმნაა რეჟისორის მთავარი მოვალეობა, რადგან სხვა შემთხვევაში რეპეტიცია ნამდვილ წამებას დაემსგავსება.  ძალიან არ მიყვარს მსახიობების ამოჩემება. შესაძლოა, ერთი მსახიობი რამდენიმე სპექტაკლში მივიწვიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ჩემი ფავორიტია.

ალტერნატიული პროფესია

ყოველთვის ძალიან მინდოდა ქორეოგრაფობა. ბავშვობაში ბალეტზე დავდიოდი, რადგან ძალიან მომწონდა და ალბათ, ქორეოგრაფობაც ბავშვობიდან გამოყოლილი სურვილია.

სამომავლო გეგმები

ამ სეზონზე ცნობილი უცხოელი რეჟისორების მოწვევას ვგეგმავ, რომლებიც ჩემს დასთან იმუშავებენ და დადგამენ სპექტაკლებს. სულ ცოტა ხნის წინ ანდრეი ჟოლდაკი იყო ჩამოსული, რომელმაც უკვე მოაწყო სინჯები და ზაფხულში დაიწყებს მუშაობას. ძალიან მალე ოსკარას კორშუნოვასი გვესტუმრება, ამასთანავე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დიმიტრი კრიმოვთან. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერის რეჟისორების მოწვევა მინდა, რომლებიც ახალ სიცოცხლეს შესძენენ ჩვენს თეატრს, მაყურებელს კი, ბევრად საინტერესო, შესაძლოა უცხო და უჩვეულო დადგმებს შესთავაზებენ.

რჩევა ახალგაზრდებს

ძალიან არ მიყვარს რჩევების მიცემა, რადგან ვთვლი, რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, კარგი იქნება თუ ახალგაზრდები საკუთარ ცხოვრებას გაანალიზებენ, რადგან უამრავი საინტერესოს აღმოჩენა შეიძლება ცხოვრებაზე დაფიქრებითა და გაანალიზებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები