LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ათასის ნაცვლად 2 ათასი: საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება

628
92364692-2501274396641211-7509429482998988800-o

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებათა პაკეტი ეხება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული წესების დარღვევას და საჯარიმო სანქციებს. ახალი ინიციატივის მიხედვით, კარანტინის ან იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. იგივე კანონპროექტის მიხედვით, წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

შსს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა.