LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი წლის წინ ჰელსინკში გაფორმებული კონტრაქტი და შედეგი – წარმატების იუბილე ,,წარმატების ფორმულაში “ – Wolt-ის გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი

70
nataliaxizanishvili

8 მარტს გვანცა ლაღიძის გადაცემაში „წარმატების ფორმულა“ ქალთა შაერთაშორისო დღე მსმენელს Wolt-ის გენერალურმა მენეჯერმა ნატალია ხიზანიშვილმა მიულოცა.

წამყვან ბანკებში საგადასახადო მომსახურების სფეროში 13-წლიანი გამოცდილება შეძენის შემდეგ, 2011 წელს ნატალიამ ერთ-ერთი პირველი ონლაინ-მაღაზია გახსნა საქართველოში, 2019 წელს კი, Wolt-ის გენერალური მენეჯერის პოსტი ჩაიბარა.

– ნატალია, პირველ რიგში Fuckup Nights-ის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდით. საინტერესოა, რა მარცხი იქცა მოტივაციად, რომელმაც საბოლოოდ თქვენი წარმატება განსაზღვრა?

– არ არსებობს წარმატება წარუმატებლობის გარეშე, რადგან ეს ერთგავარი ციკლია, რომელიც  ნებისმიერმა მენეჯერმა უნდა გაიაროს. პირველი მარცხი მაშინ განვიცადე, როცა ახალი საქმე წამოვიწყე. ნებისმიერი სტარტ-აპი სწრაფად იზრდება, ვითარდება და შენც ფეხის აწყობას, ყველა მოულოდნელობისთვის მომზადებას გაიძულებს, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ შეძლებ მის სრულფასოვნად განვითარებას. 2011 წელს, როცა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო ინტერნეტ-ვაჭრობა, ჩვენი ონლაინ-მაღაზია გავაკეთეთ, რასაც მალე ორი ჩვეულებრივი მაღაზიის გახსნა მოჰყვა, რომლებიც სწრაფად განვითარდა, თუმცა ჩვენ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, რადგან ვერ შვძელით ყველაფრის წინასწარ გათვლა. მართალია, იძულებული გავხდით დაგვეხურა მაღაზიები, მაგრამ უზარმაზარი გამოცდილება შევიძინეთ. პირველ რიგში ვისწავლეთ, რომ საქმის სწრაფად გასავითარებლად არა მხოლოდ შესაბამისი რესურსი, არამედ გუნდური მუშაობა და საიმედო პარტნიორებიც საჭიროა, ვისი იმედიც ყოველთვის გექნება.

– დღეს Wolt-ის გენერალური მენეჯერი ხართ. ძლიერი გუნდის და მენეჯმენტის წყალობით ფინურმა კომპანიამ საქართველოშიც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. განვითარების რა ეტაპზე ხართ, რამდენადაც ვიცი, მომხმარებლისთვისაც სასიამოვნო ექსკლუზივი გაქვთ?

– ძალიან აქტიურად იზრდება და ვითარდება ჩვენი სფერო. ადრე მხოლოდ საკვების მიწოდებაზე ვმუშაობდით, მიმდინარე მოვლენებმა კი, მომხმარებელს სხვა მოთხოვნილებებიც გაუჩინა, ამიტომ ჩვენი მომსახურებაც სხვადასხვა მიმართულებით გავაფართოვდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს Wolt-ი უამრავი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ რამდენიმე კვირის წინ 24-საათიან მომსახურეობაზე გადავედით და ახლა თბილისელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სერვისით. სხვათა შორის, ზუსტად 3 წლის წინ ჩავედი პირველად ჰელსინკში, Wolt-ის სათაო ოფისში, სადაც მხოლოდ 150-მდე ადამიანი მუშაობდა.  სწორედ მაშინ შევხვდი, კომპანიის გენერალურ დირექტორს, დამფუძნებლებს და გადავწყვიტეთ, რომ მალე თბილისშიც იქნებოდაWolt-ის მომსახურეობა. ასე რომ, 8 მარტს ჩვენ არა მხოლოდ ქალთა საერთაშორისო დღეს, არამედ დაბადების დღესაც აღვნიშნავთ. შეხვედრიდან გამოსულმა, უზარმაზარი რიგი შევნიშნე საბურგერესთან, რომელიც ქალბატონებისთვის უფასო ბურგერების აქციას აწყობდა. მართალია, ძალიან მინდოდა ფინური სამზარეულოს დაგემოვნება, მაგრამ ძალიან ციოდა, ამიტომ თავი შევიკავე.

– რამდენად აქტიურია მომხმარებელი ღამის საათებში?

– მომხმარებელი მეტწილად დილის 5 საათამდე აქტიურობს, მერე რამდენიმე საათი ისვენებს და 8 საათიდან ისევ ინტენსიურ შეკვეთებზე გადადის.

– რამდენი რესტორანია ჩართული 24-საათიან მომსახურებაში?

– ჯერჯერობით ნაკლები ობიექტია ხელმისწვდომი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი ასორტიმენტი.

– რამდენად სასაგებლო გარემოა საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის?

– რა თქმა უნდა, ბიზნესის ყველა სფეროს თავისი სირთულე აქვს. განსაკუთრებით მძიმე პერიოდი გამოიარა სარესტორნო ბიზნესმა, ონლაინ-გაყიდვებმა კი, პირიქით იხეირა. ვფიქრობ, სწორედ ახლაა ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, რათა კომპანიებმა ონლაინ-რეჟიმში გადაიტანონ საკუთარი საქმიანობა.

– როგორ უმკლავდებით გამოწვევებს, როგორ მოქმედებთ კრიზისულ სიტუაციებში?

– კრიზისის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწრაფი რეაგირებაა. რა თქმა უნდა, ჩვენც გამოვიარეთ სირთულეები, რაც რეგულაციების მუდმივმა ცვლილებამ შეგვიქმნა, თუმცა სწორედ სწარაფად რეაგირების და ადაპტაციის წყალობით შევძელით ჩვენი სერვისის გაუმჯობესება და სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვება, ახალი პარტნიორების შეძენა და ახალი თანამშრომლების დაქირავება. ვფიქრობ, კრიზისის წარმატებით დასაძლევად ახალ პირობებს სწრაფად მორგების და საქმიანობის რადიკალურად, მაქსიმალურად სწრაფად შეცვლის უნარია საჭირო.

– რამდენადაც ვიცი, მხოლოდ რვა ადამიანმა დაიწყეთ მუშაობა, ახლა კი, თქვენი გუნდი 80 თანამშრომელს აერთიანებს. რის ხარჯზე შეძელით ასე სწრაფად გაფართოვება?

– ჩვენი გაფართოვება პირველ რიგში, სფეროს სწრაფმა განვითარებამ განაპირობა, ახლა ბევრად უფრო მარტივია ჩვენი სერვისის მომხმარებლისთვის გაცნობა. მართალია, თანამშრომელთა ნაწილი პანდემიამდე შემოგვიერთდა, მაგრამ სწორედ პანდემიამ დააჩქარა ჩვენი განვითარება. თუმცა, კონკურენციაც გაიზარდა და ბევრად სერიოზული გახდა.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– დღეს ჩვენი უმთავრესი პრობლემა საცობებია ქალაქის ქუჩებში, სწორედ ამ მიმართულებით ვფიქრობთ და ვცდილობთ შევიმუშავოთ სტრატეგია, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური იქნება. ამასთანავე, ახლო მომავალში ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გვინდა ჩვენი სერვისის დანერგვა.

– რა თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად?

– საკმაოდ ბევრი გამოწვევა გვაქვს. მეტიც ყოველი დილა ახალი გამოწვევით იწყება. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რაც ვფიქრობ იშვიათია, რადგან არც ისე მარტივია მოიძიო საქმე, რომელიც მართლაც შენია და მხოლოდ დადებითი ემოციებით გავსებს. მართალია, მომავალში საკუთარ თავს ტექნოლოგიების მენეჯმენტში ვხედავ, მაგრამ ჯერ Wolt-ში ვარ და არსად ვაპირებ წასვლას.

– მოცეკვავედ თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი?

– ბავშვობაში ვცეკვავდი, თუმცა განსაკუთრებული ნიჭი არ აღმომაჩნდა.

– რა კრიტერიუმებით ირჩევთ თანამშრომლებს და პარტნორებს?

– პირველ რიგში გუნდში მუშაობის უნარს ვაფასებ, რამდენად შეუძლია ახლის შესწავლა და საკუთარი ცოდნის სხვისთვის გაზიარება. მეტწილად ჩვენთან ახალგაზრდები მოდიან, ვინც Wolt-ში იძენს პირველ სამუშაო გამოცდილებას, ამიტომ სწორედ გუნდში სწრაფად ადაპტირების უნარს ვაფასებ, პარტნიორი კი, აუცილებლად ნდობას უნდა იმსახურებდეს, ვისთანაც ყოველთვის შესაძლებელი იქნება გახსნილად და გულწრფელად საუბარი.

– რა დადებითი თვისება აღმოაჩინეთ საკუთარ თავში სხვადასხვა სფეროში მუშაობისას?

– გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, რომელიც ნებისმიერ სფეროში აუცილებელია, რათა არ ჩამორჩე მოვლენებს და თვითონვე არ შეაფერხო საკუთარი განვითარება.

ბლიცკითხვები:

– Wolt-ის სლოგანი?

– „ყველაზე სწრაფი!“

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ სამსახურში?

– კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ სახლშიც და სამსახურშიც სულ ვჩქარობ და ყველას სისწრაფისკენ მოვუწოდებ.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან კარგი განწყობა და მხოლოდ პოზიტიური ემოციები მაქვს.

– თავად თუ ხართ Wolt-ის მომხმარებელი?

– სწორედ მე ვარ მისი ყველაზე აქტიური მომხმარებელი.

– განტვირთვის საუკეთესო ადგილი?

– სახლი.

– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?

– ნებისმიერი კარგად მოფიქრებული, არასტანდარტული საჩუქრის მიღება გამიხარდება. ძალიან მიყვარს, როცა ჩემი შვილი მხატავს და მერე საკუთარ ნახატებს მჩუქნის.

– წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ?

– მართალია ბევრჯერ წავიკითხე, მაგრამ ძალიან მიყვარს ბენ ჰოროვიცის The Hard Thing About Hard Things, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელოა რთულ პერიოდში ბიზნესის მართვაზე.

– რა გხიბლავთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– ძალიან მიყვარს აქტიური, სხარტი და გულწრფელი ადამიანები.

– რას ვერ აპატიებთ ახლობელს?

– ალბათ ყველაფრის პატიება შემიძლია სამშობლოს ღალატის გარდა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– გაზაფხულის აყვავებულ ბუნებას.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მთავარი შრომისმოყვარეობა და გამბედაობაა, რათა არ შევუშინდეთ სირთულეებს და მუდმივად ვიფიქროთ განვითარებაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები