დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ტურაშვილი იხსენებს აფხაზეთის ომის დაწყების თარიღს და ამბობს, რომ ამ ბრძოლაში მისი ბიძა, მიშიკო ქორიძე და მისი მეგობარი, რატი კიკაჩეიშვილი ომში წავიდნენ – 30 აგვისტოს კი ბზიფის ხეობაში, ორივე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
„33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, ბიძაჩემი მიშიკო ქორიძე იგივე ხულიგანა 21 წლის გახდა. ზუსტად იმ დღეს აფხაზეთის ომი დაიწყო. 27 აგვისტოს ის და მისი მეგობარი რატი კიკაჩეიშვილი ომში წავიდნენ. ხულიგანა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და მორაგბე იყო, რატი – ფილოლოგიის სტუდენტი. 30 აგვისტოს, ბზიფის ხეობაში, ორივე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ერთად დაიღუპნენ მხარდამხარ. 21 წლის ულამაზესი, ნათელი სულის ბიჭები.
ცხოვრებაში არასოდეს იარაღთან საქმე რომ არ უნდა ჰქონოდათ (არც ექნებოდათ სამშობლოს რომ არ დასჭირვებოდა), ამ ომის ერთ-ერთი პირველი გმირები გახდნენ. ცეცხლში ისე შევარდნენ თავი არ დაუზოგავთ არც ერთი წამით. მისი გარდაცვალებიდან თითქმის ორ თვეში დავიბადე. ჩემი ოჯახისთვის ტკივილი და დარდი არასოდეს განელებულა. დღესაც არ შეშრობილა მიშიკოსთვის ცრემლი.
მთელი თბილისი იცნობდა და ყველას უყვარდა ხულიგანა, მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი ნეტავ მქონოდა საშუალება მასთან შეხვედრის. (მითუმეტეს ჩემი მუცელში ყოფნის დროს სწორედ მან დამარქვა პირველი მეტსახელიც). ჩემს წარმოსახვაში სიტყვა გმირი – მას უკავშირდება. ხშირად ვფიქრობ ხოლმე მასზე და ძალიან ვამაყობ რომ ასეთი ბიძა მყავდა.
„ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც მიშიკო ქორიძისნაირი ლამაზი ბიჭები იბადებიან. უბედურია ის ქვეყანა, სადაც მიშიკო ქორიძისნაირი ლამაზი ბიჭები იმარხებიან“,- თეიმურაზ ქორიძე
„ხულიგანა ჩემთვის იდეალური ქართველს მიახლოებული კაცი იყო – ყველა იმ ღირსებით შემკული, რაც ქართველს უნდა ჰქონდეს, რომ გვიოცნებია, ისეთ ქართველს.
მოკვდნენ ულამზესი ბიჭები, უმშვენიერესი სულის ბიჭები, მოკვდნენ ჩვეულებრივად, ყველაზე კარგები და მართლა საუკეთესოები – გურამ რჩეულიშვილები…
მათ ჩვენს თვალწინ საქართველოს ისტორია შექმნეს, ჩვენთვის და ჩვენს მაგივრად. ჩვენს გადასარჩენად, ჩვენი შვილებისთვის მოკვდნენ“, – დათო ტურაშვილი.
დღეს ხულიგანას სახლთან მისი მემორიალური დაფა გაიხსნა, ისევ შეიკრიბნენ მისი ნათესავები და მეგობრები, როგორც ყოველ წელს. 33 წელი გავიდა და ისევ ამხელა სიყვარული აქვს.
ასეთი ადამიანების მოტანილია ეს ქვეყანა აქამდე, ახლაც გვყავს ასეთები და სანამ იქნებიან, საქართველო იარსებებს. ამ ბიჭების გამო ყოველთვის გვემახსოვრება ვინ არის გმირი, რანაირია გმირობა და ვინ არის მტერი!
ძალიან ცდება ყველა, ვისაც ჰგონია ამის დავიწყებას შევძლებთ. არავინ და არაფერია დავიწყებული! მადლობა და მარადიული დიდება გმირებს, განსაკუთრებით ჩემს გმირს – მიხეილ ქორიძეს – ხულიგანას!“ – წერს ანაკო ტურაშვილი.
33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, ბიძაჩემი მიშიკო ქორიძე იგივე ხულიგანა 21 წლის გახდა. ზუსტად იმ დღეს აფხაზეთის ომი…
Posted by Anako Turashvili on ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025