ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს 32 წლის ქალი, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ნახარშით მიიღო.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი.
„პაციენტს მეორე – მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას. გვეგონა, რომ ზაფხული მიილია და მსგავსი შემთხვევები არ გვექნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მივიღეთ მეოთხე შემთხვევა.
ზაფხულში ლეღვის ნახარშის წასმის შედეგად მიღებული დაზიანების სულ სამი შემთხვევა გვქონდა და ეს მეოთხე შემთხვევაა. ოთხივე შემთხვევა ქალბატონია“, – განაცხადა ქაშიბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ქაშიბაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.