LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა: გოგონას შვილი შეეძინა, მოძალადეს 10 წელი მიუსაჯეს

283
da37b43438772b32171e661cbdb41edc

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 მარტს, 40 წლის მამაკაცს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მოძალადე ი.ბ-სგან არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის შემდეგ დაფეხმძიმდა, და გასული წლის 31 მაისს ბავშვი ეყოლა. არასრულწლოვანს ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს.

“სასამართლომ ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული ი. ბ., დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებული არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის #HRC კახეთის ოფისის იურისტი – ლია ხუროშვილი იცავს.
40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ. ბავშვის ბიოლოგიური მამაა.
მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასაჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ,”ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს”.
გამოძიება, სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულალურები