საქსტატი უმუშევრობის დონეს ახალი მეთოდოლოგიით ითვლის.
ახალი სტანდარტების მიხედვით, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა, მეთოდოლოგია თვითდასაქმებულთა განყოფილების გადაკვალიფიცირებას გულისხმობს.
2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 17% შეადგინა, რაც 5,1 პროცენტული პუნქტით მეტია მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ძველი სტანდარტით შედგენილ მონაცემებზე.
„ბიზნესკურიერი“ თემასთან დაკავშირებით „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელს, ეკონომისტს გიორგი კეპულაძე ესაუბა.
როგორც კეპულაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ახალი გადათვლით აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 400 ათასი ადამიანი, რომელიც დასაქმებული გვეგონა ან უმუშევარია, ან სამუშაო ძალის გარეთაა.
მისივე შეფასებით, ასევე გაირკვა, რომ ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი სამუშაო ძალის გარეთაა.
„წინა წლებში ვითვლიდით ძველი მეთოლოგოგიით, შრომის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეიცვალა მეთოდოლოგია უმუშევრობის დათვლის, შესაბამისად, ჩვენც ამიტომ გადავედით ახალ მეთოდოლოგიაზე, ეს კი უფრო რეალურ სურათს მოგვცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია საქართველოში უმუშევრობა.
ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით დაანგარიშებით ვნახეთ, რომ 6%-ით გაიზარდა უმუშევრობა და თვითდასაქმებულთა თითმის ნახევარი აღმოჩნდა ან სამუშაო ძალის გარეთ, ან უმუშევარი. ამ ნახევრიდან კი მხოლოდ ნაწილი აღმოჩნდა, დაქირავებით დასაქმებული, რაც ნიშნავს იმას, რომ 400 000 ადამიანი რომ გვეგონა დასაქმებული, ეს ადამიანები არ არიან დასაქმებულები, არიან სამუშაო ძალის გარეთ ან უმუშევრები.
კეპულაძე თვლის, რომ ერთი მხრივ კარგია მეთოდოლოგიის შეცვლა, რადგან ეს უნდა გახდეს კარგი ინდიკატორი მთავრობისთვის, იმისთვის, რათა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უმუშევრობის აღმოსაფხვრელად, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც ქვეყანაში დღეს მთავარ გამოწვევად რჩება სწორედ დასაქმებაა.
„ერთ-ერთი მთავარი რაც აჩვენა ახალმა დათვლამ არის ის, რომ 15 წელს ზემოთ, შრომისუნარიანი მოქალაქე არის 3 მილიონი, საიდანაც მილიონ ნახევარი არის სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ჩვენთან სამუშაო ძალა, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა არის მილიონ-ნახევარი, საიდანაც 17,6 პროცენტი არის უმუშევარი, ხოლო დარჩენილი არის ან დაქირავებით დასაქმებული ან თვითდასაქმებული.
მისივე შეფასებით, ცალკე საკითხია კიდევ როგორია ამ ადამიანების ყოველთვიური შემოსავალი.
„ადამიანი თუ დასაქმებულია ცალსახად არ ნიშნავს ჩვენთან იმას, რომ ის საკმარის შემოსავალს იღებს თვიდან თვემდე, რომ გაიტანოს თავი,“-აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.
ინფორმაციისთვის, რაც შეეხება 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს, ახალი სტანდარტით, 2020 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა. დასაქმების მაჩვენებელი კი 1,3 პროცენტით, 41.8 პროცენტამდე შემცირდა.