LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 538 მარტოხელა მშობელი გვყავს, აქედან 16 მარტოხელა მამაა, ერთჯერადი დახმარების ან კეთილი ნების იმედად“ – ვინ დარჩა კანონს მიღმა

531
BeFunky-collage (1) (1)

2022 წლის ივლისში, ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსში ცვლილება „მარტოხელა მშობლის“ სტატუსის მიმღებთა წრის გაფართოების შესახებ. ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ იყო.

როგორია სტატისტიკა და რა პრობლემები ჩნდება კანონს მიღმა? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ცვლილების ერთ-ერთმა თანაავტორმა, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ქეთი თურაზაშვილმა დეტალურად ისაუბრა.

 

ვინ შეიძლება იყოს მარტოხელა მშობელი?

 

კანონმდებლობის წინა ვერსიით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ენიჭებოდა მხოლოდ იმ ადამიანს თუ მისი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მეორე მშობელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებდნენ ისინი მარტოხელა მშობლის სტატუსს.

ახალი ფორმულირებით, ეს განმარტებაც დარჩა და ამასთან, მარტოხელას სტატუსი დედასთან ერთად მიენიჭათ მამებსაც, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.

 

 

ასეთივე სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ

თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

ქვეყანას 5 538 მარტოხელა მშობელი ჰყავს – „მაქვს მოლოდინი, რომ მარტოხელა მამების რაოდენობა გაიზრდება“

 

„სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებთა წრის გაფართოების შესახებ, ძალიან კარგია, მაგრამ ნამდვილად არიან დარჩენილი ადამიანები კანონის მიღმა, რომლებიც რეალურად ზუსტად იმ გამოწვევების წინაშე არიან, როგორც სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კანონმა ისინი არ გაითვალისწინა, რჩებიან ყველანაირი დახმარების მიღმა“ , – განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში ქეთი თურაზაშვილმა და სტატისტიკის მიღმა დარჩენილ ადამიანებზე ისაუბრა.

„ივლისიდან, რაც ძალაში შევიდა ცვლილებები, გვყავს 5 538 მარტოხელა მშობელი, აქედან 5 522 არის მარტოხელა დედა. როგორც ჩანს, ამ სტატუსის მიღება მამაკაცებმა დაიწყეს სწორედ ამ ახალი ცვლილებების შემდეგ, რადგან ეს ცვლილება მათაც შეეხოთ, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. (რადგანაც აქვთ სტატუსი, ისინი თავისუფლდებიან  საშემოსავლო გადასახადისგან 3 000 ლარამდე ოდენობით).

მაქვს მოლოდინი, რომ მარტოხელა მამების რაოდენობა გაიზრდება და ცვლილებების შედეგად, გახდებიან ამ სტატუსის მატარებელნი“, – ამბობს საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი.

 

კანონს მიღმა დარჩენილი ადამიანები

 

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებთა წრის გაფართოების შესახებ საუბრისას, ქეთი თურაზაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის, გაუგებარია, რატომ არ მოხვდნენ ამ ცვლილებებში დედები, რომლებსაც განქორწინების შემდეგ, პრაქტიკულად, მარტო უწევთ შვილის თუ შვილების აღზრდა.

„ცვლილებები არ შეეხო განქორწინებულ წყვილებს. რეალობაა, რომ როდესაც წყვილი ქორწინდება, საბედნიეროდ, არა ყველა შემთხვევაში, ხშირად არის, რომ განქორწინებული წყვილიდან მხოლოდ ერთი მშობელი ზრუნავს შვილებზე. სამწუხაროდ, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის დედა. მამა მიდის, ტოვებს ოჯახს და არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვების არც აღზრდის და არც ფინანსურად დახმარების ნაწილში.

 

 

ჩემთვის, გაუგებარია, ამ ცვლილებებში რატომ არ მოხვდნენ ასეთი დედები, რადგან რეალურად, ისინი მარტო ზრდიან შვილებს და იმსახურებენ ამ სტატუსს.

რა თქმა უნდა, არიან ისეთი განქორწინებული შვილები, სადაც ორივე მშობელი იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდაში და ამ შემთხვევაში შეგვიძლია სოციალური სააგენტო ჩავრთოთ, რომელიც რეალურად დაგვეხმარება დაადგინოს როგორია მშობლების თანამონაწილეობა და ასე მივიდეთ ჭეშმარიტებამდე – ეს ადამიანები მართლა მარტო არიან პრობლემის წინაშე და ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მიენიჭოთ სტატუსი“, – აღნიშნა მან.

 

„ერთჯერადი დახმარების ან კეთილი ნების იმედად“

 

„ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელმა მდივანმა საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მშობელთა უმრავლესობა ვერ სარგებლობს სოციალური დახმარებით ან სპეციალური შეღავათით, ისინი მხოლოდ ერთჯერად ფულად დახმარებას იღებენ, ისიც მხოლოდ რამდენიმე რეგიონში და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილი ნების საფუძველზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით სახელმწიფო აკეთებს ძალიან ცოტას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ქეთი თურაზაშვილმა და დასძინა, რომ კანონმდებლობის დონეზე ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ მათ 3 000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრებათ.

„ხელისუფლება ეხმარება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. გამოდის, რომ სახელმწიფო ეხმარება მხოლოდ მას, ვინც დასაქმებულია. დანარჩენი დახმარებები არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტების დონეზე“, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა და დასძინა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ადამიანების დახმარების მიმართულებით ერთგვაროვანი პოლიტიკაა ქვეყანაში.

„ვფიქრობ, როდესაც ასეთ მიზნობრივ და მოწყვლად ჯგუფებზე არის საუბარი, მზრუნველობა უნდა აიღონ სახელმწიფო სტრუქტურებმა.

მაგალითად, არის მუნიციპალიტეტები, სადაც ეხმარებიან და არის ასევე, სადაც არ არსებობს დახმარების მსგავსი პოლიტიკა, მირეკავს ადამიანი და მეუბნება, ჩემს ახლობელს დაეხმარნენ პირობითად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მე კი გამგეობიდან უარით გამომისტუმრეს.

აქ ჩნდება განცდა, რომ მართალია ძალიან მცირედით, მაგრამ ვიღაცას სახელმწიფო ეხმარება, მე კი მიტოვებული ვარ სახელმწიფოსგან. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რადგან როდესაც მარტოხელა მშობლებზე ვსაუბრობთ, ეს პირდაპირ ბმაშია ბავშვებთან, თუ მათ [მარტოხელა მშობლებს] არ ექნებათ შესაბამისი პირობები ამ ბავშვების გასაზრდელად, განათლების მისაცემად და ა.შ. გამოდის, რომ გვეზრდება თაობა, რომელიც მიტოვებულია სახელმწიფოსგან, ცხოვრობენ ცუდ პირობებში.. ვფიქრობ, როგორ ცხოვრობენ ბავშვები არის სახელმწიფოს სახე და ბევრი აქვს სამუშაო ქვეყანას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ქეთი თურაზაშვილმა.

 

„არ შეიძლება მიზერულ თანხებზე იყვნენ დამოკიდებული“ – რას აკეთებს სახელმწიფო 

 

ქეთი თურაზაშვილის შეფასებით, ერთჯერადი ფულად დახმარება, რომელსაც მარტოხელა მშობლები იღებენ, მიზერულია.

„არის ერთჯერადი ფულადი დახმარებები, ბავშვზე 50-100 ლარამდე მერყეობს. ზოგი მუნიციპალიტეტი წელიწადში ერთხელ გასცემს დავუშვათ, 150 ლარს. მეორე მუნიციპალიტეტი, ყოველთვიურად გასცემს ბავშვზე 50 ლარს. არის მუნიციპალიტეტები, სადაც კომუნალურ გადასახადებზეა თანადაფინანსება, თუმცა საუბარია მიზერულ თანხებზე (10 ლარის ფარგლებში)

ეფექტური დახმარებები არ არის. ერთადერთი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სადაც გარდა იმისა, რომ ეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არსებობს, არის ქალებზე გათვლილი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს განვითარებას.

არსებობს სივრცე – ქალთა ოთახი, სადაც მარტოხელა დედებს სთავაზობენ სხვადასხვა მიმართულებით სწავლას, განვითარებას, რათა შემდგომ თავად შეძლონ დასაქმება და შესაძლო, ის მიზერული თანხაც აღარ დასჭირდეთ.

ვისურვებდი, ყველა მუნიციპალიტეტმა იფიქროს ამ მიმართულებით. არ შეიძლება მიზერულ თანხებზე იყვნენ დამოკიდებული.

მარტოხელა დედების ჯგუფში ვარ და ვაწყდები სხვადასხვაგვარ მიმოწერებს – „გოგოებო დაგერიცხათ“ , მსგავსი შინაარსის და ერთი დღეც, რომ იგვიანებს დახმარება, ჯგუფში არის პანიკა.

ზოგჯერ ბავშვზე, ზოგჯერ მარტოხელა მშობელზე გაიცემა დახმარება.

რეალურად, შედეგი არის ერთი, რომ ძალიან მცირე ფულადი დახმარება გაიცემა.

არის მუნიციპალიტეტები, სადაც საერთოდ არ განიხილავენ არანაირ დახმარებას, მაგალითად, რუსთავში მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არის შეღავათები მარტოხელა მშობლებისთვის“, – ამბობს ამბობს საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი.

 

 

როგორ შეიძლება გაფართოვდეს მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელთა წრე?

 

„ვინც ახლა შედის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქვეშ საკმარისი არ არის. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, როგორ შეიძლება კიდევ გაფართოვდეს მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელთა წრე.

ესენი არიან: ზოგიერთი ოჯახი განქორწინებული წყვილები, ასევე, მარტოხელა დედები, რომელმაც არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად გააჩინეს შვილი, მამის გვარი აქვთ, მაგრამ მამა არ ჩანს ჰორიზონტზე და არანაირ მონაწილეობას არ იღებს შვილის აღზრდაში“, – თქვა ქეთი თურაზაშვილმა და დასძინა, რომ საკანონმდებლო ბაზა გვაძლევს საშუალებას გვქონდეს დათქმები.

„მინდა შევეხო, ბებიებს და ბაბუებს, რომლებიც სამწუხაროდ, მარტო დარჩნენ საკუთარ შვილიშვილებთან და მხოლოდ მათ უწევთ ამ ბავშვების გაზრდა. შეიძლება მათი გათვალისწინება და ამ სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმა.

თუ რამე სიკეთე და ბენეფიტია, ამ ადამიანებმაც უნდა მიიღონ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებმაც შეძლონ ამ სტატუსის მიღება“, – აღნიშნა მან.

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია სწორად ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, ამ საკითხის მიმართულებით, გარკვეული დადებითი შედეგები აუცილებლად მიიღწევა.

ამასთან, ქეთი თურაზაშვილი იმედს იტოვებს, რომ კიდევ მეტად გაიზრდება მუნიციპალიტეტების მზაობა მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ადამიანების დახმარების ამოქმედების თაობაზე.

„ვურჩევ ყველა სტატუსის მქონე ადამიანს ან მათ, ვისაც ჯერ არ მიუმართავს იუსტიციის სახლისთვის, ეს მოახერხონ 2020 წელს, რადგან ახლა არის ბიუჯეტების დაგეგმვის პერიოდი. მივიდნენ მარტოხელა მშობლის სტატუსით გამგეობაში, დადგნენ აღრიცხვაზე, რათა შეძლონ 2023 წლიდან იმ პროგრამებით სარგებლობა, რასაც შესთავაზებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა მან.

 

როგორ უნდა მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი?

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს და წარადგინონ ჩამონათვალი შესაბამისი საბუთების, რომელთა ნუსხაც არის ძალიან მცირე, რაც შეუძლიათ, ნახონ სამოქალაქო რეესტრის ვებგვერდზეც ან ცხელ ხაზზე დარეკვით გაარკვიონ.

„მუნიციპალიტეტებში არის გენდერული საბჭო და ვისურვებდი, მათ ეფექტიანად იმუშაონ, რადგან ესენი, რომ მუშაობდნენ კარგად, დახმარების კუთხით, ასეთი ცუდი ვითარება არ გვექნებოდა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში“, – აღნიშნა ქეთი თურაზაშვილმა.

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, აუცილებელია მუნიციპალიტეტებმა, ზუგდიდის მსგავსად, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნა დაიწყონ, რათა მარტოხელა მშობლის მქონე სტატუსის  მშობლებმა რეალიზებულად იგრძნონ თავი.