ჯადოსნური და დაუვიწყარი, ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ. თუკი ზღაპრული ზამთრის დღეების გასატარებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებთ ლოკაციას, ეს ხუთეული სწორედ თქვენთვისაა. „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს წარმოგიდგენთ, რომელებიც თოვლიან ზამთარში დაუვიწყარ სანახაობას და სიმყუდროვეს სთავაზობს მნახველს.
სოლდენი-ავსტრია
შესანიშნავი ბუნება, განუმეორებელი ხედები, დახვეწილი არქიტექტურის მქონე სახლები, თანამედროვე სტანდარტების მომსახურება, მოვლილი ფერდობები, კარგად გამართული სათხილამურო ტრასები, ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ავსტრიის სამთო-სათხილამურო რეგიონები იზიდავენ სტუმრებს. სოლდენი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წამყვანი კურორტია. აქ თქვენ გელოდებათ შესანიშნავი ფართო ტრასები და გარანტირებული თოვლი ნოემბრიდან მაისის ის შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა მრავალფეროვანი დასვენებისთვის და მოთხილამურეებს სთავაზობს თხილამურებს სრიალს ოთხი ძირითადი ფერდობიდან.
ლანგვისი–შვეიცარია
არსად არ არის ზამთარი ისეთი აქტიური, როგორც შვეიცარიაში. სამთო- სათხილამურო სპორტი აქ ყველაზე მეტადაა განვითარებული. შვეიცარია ზამთრის დასვენების მექაა, სადაც იდეალურ სათხილამურო კურორტებთან ერთად, თვალწარმტაც პეიზაჟებს, დათოვლილ ალპებს და ბურუსით დაფარულ გაყინულ მდინარეებს იხილავთ. თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც სპორტული, აქტიური დასვენება უყვარს და ფინანსებიც ხელს გიწყობთ, ზამთარში აუცილებლად ესტუმრეთ შვეიცარიას. გამორჩეულია პატარა ქალაქი ლანგვისი,რომელიც ულამაზესი ტყით და ორიგინალური ხიდითაა ცნობილი.
სიგლუფიორდური-ისლანდია
ისლანდია ყოველწლიურად შედის ცხოვრების მაღალი დონის მქონე ქვეყნების ათეულში. ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული ქვეყანაა.
სიგლუფიორდური ქვეყნის ჩრდილოეთით, გრენლანდიის ზღვის სანაპიროზე, ნახევარკუნძულ ტრიოლასკაგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის საერთო ფართობი სულ 155 კვადრატული კილომეტრია და დედაქალაქიდან 401 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მანქანით გადაადგილება მხოლოდ გვირაბების გაყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მეთევზეების ეს პატარა ქალაქი ზამთრობით სიამოვნებით მასპინძლობს ტურისტებს. ქალაქში მდებარეობს მეთევზეობის მუზეუმი და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება მეთევზის დღესასწაული.
შამონი-საფრანგეთი
შამონი საფრანგეთის, იტალიის და შვეიცარიის კვეთაზე, მონბლანის მთის ძირში მდებარე საკურორტო ქალაქია, რომელიც ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1924 წელს შამონი ოლიმპიურ თამაშებსაც მასპინძლობდა, ხოლო დღეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად ითვლება.
აბისკოს ეროვნული პარკი-შვედეთი
აბისკოს ეროვნული პარკი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ცივი ზამთარი არ აშინებს.
დეკემბერსა და იანვარში შვედეთის ამ მხარეს მზე საერთოდ არ ანათებს, თუმცა ეს ამ ადგილს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის, რადგან აქ სწორედ ამ დროსაა შესაძლებელი მაგიური ჩრდილოეთის ციალის ნახვა.
ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვების გარდა, აბისკოს პარკში შეგიძლიათ წახვიდეთ სათხილამუროდ, მოინახულოთ ცნობილი ყინულის სასახლე კირუნაში; კირუნა შვედეთის ჩრდილოეთით, ლაპლანდიის პროვინციაში მდებარეობს. ასევე შეგიძლიათ ისეირნოთ მარხილში შებმულ ჰასკებთან ერთად ან ითევზაოთ გაყინულ ტბაში.