LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ფილმი ინტელექტუალებისთვის

1466
ფილმები

ათწლეულების მანძილზე მსოფლიო კინომ მართლაც უამრავ ფილმს მოუყარა თავი, რომელთაც უჩვეულო სიუჟეტის, თვითმყოფადი რეჟისორული სტილის და მსახიობთა ოსტატობის წყალობით დაიმსახურეს ინტელექტუალი მაყურებლის მოწონება.

საუკეთესო ფილმები ინტელექტუალებისთვის:

,,იმიტაციის თამაში” (The Imitation Game, 2014, მორტენ ტილდუმი) – ენდრიუ ჰოჯესის რომანის “ალან ტიურინგი: ენიგმა” მიხედვით შექმნილი ფილმი ნორვეგიელმა რეჟისორმა მორტენ ტილდუმიმ ცნობილ მათემატიკოსს ალან ტიურინგს მიეძღვნა, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის დავალებით ცდილობდა საიდუმლო კოდის გაშიფვრას. ბიოგრაფიული დრამა 2014 წლის 14 ნოემბერს ჩაეშვა გაქირავებაში, ზუსტად 74 წლით ადრე, ზუსტად ამ დღეს კი ლუფტვაფემ ქალაქი ქოვენთრი დაბომბა. ამბობენ, თითქოს თავდასხმის დაშიფრული გეგმა სწორედ ალან ტიურინგის ჯგუფმა ამოიცნო, თუმცა ინგლისის მთავრობამ არაფერი მოიმოქმედა, რადგან “ენიგმას” კოდის ამოხსნის საიდუმლოს გამხელის შეეშინდა. სხვათა შორის, ფილმში ნაჩვენები გასაშიფრი მოწყობილობა იმ მანქანის ზუსტი ასლია, რომელიც თავის დროზე ტიურინგმა შექმნა, მერე კი, ბლეტჩლი-პარკის მუზეუმის ექსპონატი გახდა, თუმცა, ორიგინალისგან განსხვავებით ეკრანული ვერსია ბევრად მასშტაბურია და შიდა მექანიზმიც გახსნილი აქვს.

„საუკეთესო წინადადება“ (The Best Offer, 2013, ჯუზეპე ტორნატორე) – ფსიქოლოგიურ დრამაში “საუკეთესო წინადადება” იტალიელმა კლასიკოსმა ჯუზეპე ტორნატორემ, რომელმაც თავად იმუშავა ფილმის სცენარზე, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორიგინალობით აქცია ბანალური თაღლითობა ხელოვნების ნამდვილ შედევრად და არაჩვეულებრივი თავსატეხი შესთავაზა მაყურებელს მოულოდნელი ფინალითა და ირონიული სათაურით, რადგან სწორედ ერთი შეხედვით “საუკეთესო წინადადება” ანგრევს ექსცენტრიკული კოლექციონერის უდარდელ, ყველაფრით უზრუნველყოფილ ცხოვრებას.

“ამერიკული აფიორა” (American Hustle, 2013, დევიდ რასელი) – კრიმინალური დრამა “ამერიკული აფიორა”, მახეში გაბმული თაღლითების ისტორიაა, რომლებიც იძულებით თანხმდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროსთან თანამშრომლობას. ფილმის სიუჟეტს 1970–იანი წლების ბოლოს განხორციელებული სპეცოპერაცია “არაბული აფიორა” დაედო საფუძვლად, რომელიც ფედერალურმა ბიურომ ნაძარცვი ქონების გამსაღებლების გამოსავლენად წამოიწყო, თუმცა საბოლოოდ კორუმპირებული პოლიტიკოსების მხილების საქმედ აქცია. მართალია, რეალურ ისტორიას, “გმირებიც” რეალური ჰყავდა, მაგრამ ფილმში მხოლოდ მათი ნაწილი მოხვდა. მაგალითად, ჯერემი რენერის პერსონაჟის – კარმაინ პოლიტოს პროტოტიპად ქალაქ კამდენის მერი ანჯელო ერიჩეტი იქცა, რომელიც სწორედ “არაბულ აფიორას” ემსხვერპლა, ირვინგ როზენფელდი კრისტიან ბეილის შესრულებით კი,  მხოლოდ ნაწილობრივ დაესესხა რეალურ პროტოტიპს. სხვათა შორის, ფილმი მეტწილად მსახიობების იმპროვიზირებული თამაშით დაიდგა, რადგან რასელისთვის პერსონაჟები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ფილმის სიუჟეტი.

“ტყვეები” (Prisoners, 2013 დენი ვილნოვი) – კრიმინალური დრამა “ტყვეები”, რომელმაც პოლიციის უსუსურობით იმედგაცრუებული და საკუთარი, ხშირად უკანონო გზით შვილის მოძიების სურვილით შეპყრობილი მამის  ისტორია მოუთხრო მაყურებელს, კანადელი დენის ვილნოვის ნამუშევარი და  ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმ ტრანსფორმაციისა, რომელიც თანამედროვე ამერიკულმა ტრილერმა განიცადა პირქუში აზიური კინოს გამოცდილების და 1980–იან წლებში პოპულარული ე.წ. “მანიაკალური კინოს” ტრადიციების გადაფასებით. სიმბოლური დატვირთვა აქვს ფილმის სათაურს, რადგან ტყვეობა არა იმდენად ფიზიკურია, რამდენადაც ცნობიერი, ფილმში აღწერილი ლაბირინთი კი, ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც არა რეალური ადგილი, არამედ დატყვევებული ბავშვების ნარკოტიკებით დაბინდული გონებაა.

“უსაზღვრო” (Limitless, 2011, ნილ ბიორგერი) – უიღბლო მწერლის ისტორია, რომელიც “ჯადოსნური” აბების წყალობით შეიძინა უნიკალური ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები, მეცნიერების იმ მოსაზრების ეკრანული ილუსტრაციაა, რომლის თანახმად ადამიანი საკუთარი ინტელექტუალური რესურსების მხოლოდ 20 %-ს იყენებს, მაშინ როცა თავისუფლად შეუძლია გონების სრული დატვირთვით ამუშავება. მართალია, ფილმი ირლანდიელი ალან გლინას რომანის “წყვდიადის მხარე” მოტივებზე შეიქმნა, მაგრამ მაინც განსხვავდება ლიტერატურული პირველწყაროსგან, რომელშიც  მთავარი პერსონაჟი იღუპება, ნილ ბიორგერის კინოვერსიაში კი პირიქით, ჰოლივუდური “happy end”-ის გათვალისწინებით ფანტასტიკურად გრძნობს თავს ფინალურ სცენაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g