საქართველოს პროკურატურამ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი ყალბი სამუშაო საბუთების დამზადების ბრალდებით დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული 2019-2021 წლებში წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ფიქციურ ხელშეკრულებებს აფორმებდა და ამით 520 ათას ლარზე მეტი მიითვისა.
„ფიქციური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქციურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება); 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა.
მას 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.