ირაკლი ზარქუას ქმედებას, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას ტრიბუნასთან ბოთლით წყალი და ჭიქა მიუტანა, ნიკა მელია ეხმიანება და აცხადებს, რომ „ირაკლი ზარქუა არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა პარლამენტში, რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების სახეს“.
მისივე განცხადებით, „ეს ქმედება ზარქუას შარშან რომ გაეკეთებინა, ბოთლს გამოართმევდა და თავში ჩაარტყამდა“.
„ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ, ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით. ზარქუა არის ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში, ჩემი აზრით. რადგან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ჩვენი ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ეს ადამიანი ახლა ცდილობს და მას ჰგონია, თქვენზე იმდენად გაბრაზებული ვარ ციხეში ნამყოფი კაცი თქვენი მეცადინეობით, ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს გამოგართმევდით და თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება მე გამეკეთებინა შარშან, თანაც დიდი სიამოვნებით და ამას დაიმსახურებდით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, სამაჯური რომელიც მას ეკეთა, პირველ ნოემბერს მოიხსნა, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო.
„ამ შენობის წინ, როდესაც გაიმართა პირველ ნოემბერს თავყრილობა საქართველოს ათიათასობით მოქალაქის, დიახაც, მე მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო და ვაცნობიერებდი, რომ მე შეიძლება თავისუფლება შემზღუდვოდა, მაგრამ მე ვარჩიე ეს ნაბიჯი გადამედგა. მე ვარჩიე ეს უსამართლობის სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. აბა, ერთი წამი წარმოიდგინეთ, პარლამენტში თქვენ რომ გინდოდათ, ბოიკოტის გარეშე რომ შემოსულიყავით, დააკავებდით თუ არა თქვენს მოწინააღმდეგეს?! რა თქმა უნდა, არა! გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის. გინდოდათ, რომ მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი, მაგრამ ვერ ეღირსეთ და ვერ მოესწრებით ამას,“- განაცხადა მელიამ.
