ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 2,247,897 ლარია. შპს „ქორულდმა” 2021 წელს მესტიის მერიისგან 67,069 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.
„დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს „ქორულდი” 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. იგი უმთავრესად სამშენებლო საქმიანობას ეწევა და მხოლოდ მესტიის მერიის შესყიდვებში მონაწილეობს. 6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. შპს „ქორულდის” მიერ მოგებული 6 ტენდერიდან ხუთ შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია იყო, ერთხელ კი „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი”.
აღსანიშნავია, რომ დავით ჩართოლანი პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან – ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას შპს „ქორულდი”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ქორულდის” მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციაში.