LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2022 წელს პარლამენტში სიტყვით 18 დეპუტატი არ გამოვიდა“ – TI-ს ანგარიში „მდუმარე დეპუტატებსა“ და მივლინების ხარჯებზე

134
Untitled design

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებით ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2022 წელს, საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი დეპუტატები იყვნენ ჩუმად, ვინ არ იყენებდა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას, რამდენი დაიხარჯა მივლინებებში, რომელი კომიტეტი იყო ყველაზე აქტიური და პასიური, რამდენი კანონი მიიღეს და სხვა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის წევრთა აქტიურობაზეც. დოკუმენტის მიხედვით:

◾ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი);

◾ სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93);

◾ სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი);

◾ პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა);

◾ საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე დაიხარჯა 1,739,782.93 ლარი;

◾ პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;

◾ გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა სადეპუტატო კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი;

„პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა;

მინისტრები დროულად და სრულად არ ჰპასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა). ნდობის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებდა არასრული შემადგენლობით“, – წერია პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებით ანგარიშში.

 

პოპულარულები