ზაფხული დასრულდა. წინ ზამთარია, თუმცა სანამ ცივი ამინდები დაიწყება, შემოდგომის მცირე, მაგრამ საკმაოდ რომანტიკული ნაწილი უნდა გავიაროთ, რომელიც რამდენიმე კინოთერაპიის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია.
არსებობს რამდენიმე კინოჰიტი, რომელთა ნახვაც შემოდგომას განსაკუთრებით უხდება – პერიოდულად გულიანად იცინებთ, ხანაც იტირებთ, მაგრამ განწყობას, რომელიც წელიწადის ამ დროსთან ასოცირდება, აუცილებლად შეიძენთ.
„შემოდგომა ნიუ-იორკში“
საშემოდგომო ფილმების რეიტინგის დაწყება ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელია. რიჩარდ გირმა და უაინონა რაიდერმა სამუდამოდ შექმნეს გრძნობა, რომელიც განუკურნებელ დაავადებაზე მაღლა დგას და ეს ყველაფერი ულამაზესი შემოდგომის ნიუ-იორკის პეიზაჟების ფონზე.
„ტკბილი ნოემბერი“
ფილმი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა უყუროთ. ყველაზე კომფორტული მელოდრამა კიანუ რივზისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით. სიუჟეტის ცენტრში წარმატებული სარეკლამო აგენტი ნელსონ მოსია. ერთ დღეს ის ექსცენტრიულ სარა დივერს გაიცნობს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
„მოდი, სექტემბერო“
რომანტიკული კომედია ჯინა ლოლობრიჯიდასა და როკ ჰადსონის მონაწილეობით. ფილმი უკვე 50-ზე მეტი წლისაა, თუმცა უფრო ახლისა და უფრო სასაცილოს მოფიქრება ამ დროის განმავლობაში ვერავინ შეძლო. ულამაზესი მსახიობები, უჩვეულო პეიზაჟები და ძალიან სასაცილო ხუმრობები – ფილმი შემოდგომის დეპრესიის მქონე ადამიანებს სამკურნალო წამლის სახითაც კი უნდა გამოეწეროთ.
„შემოდგომის სონატა“
ფილმმა, რომელიც დედა-შვილს შორის რთულ ურთიერთობას აღწერს, „ოსკარის“ ორი ნომინაცია, პრემია „სეზარი“ და „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა კატეგორიაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“. ინგრიდ ბერგმანი და ლივ ულმანი განუმეორებელ ისტორიას შემოგთავაზებენ და აუცილებლად აგატირებენ.
„სახლი ტბასთან“
დრამა კიანუ რივზის მონაწილეობით ცუდი არასოდეს არის, განსაკუთრებით კი თუ მას პარტნიორობას სანდრა ბულოკი უწევს. ერთი შეხედვით, მთავარ გმირებს აერთიანებთ სახლი, სადაც სანდრა უკვე ცხოვრობდა, ხოლო კიანუ ახლა იწყებს ცხოვრებას. ისინი მიმოწერას დაიწყებენ, რომელიც საკმაოდ დიდ უცნაურობას გამოარკვევს: რივზი 2004 წელშია, ხოლო ბულოკი – 2006-ში. მოქმედება რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარდება, მათ შორის შემოდგომაზეც. ფილმის პეიზაჟები კი კლასიკად იქცა. კრიტიკოსები მოუწოდებენ, არ ჩაუღრმავდნენ ფილმის მოქმედების ლოგიკურობას, არამედ აყვნენ ემოციებს – მხოლოდ მაშინ მიიღებთ მისგან ნამდვილ სიამოვნებას.
„სექტემბერი“
ვუდი ალენი ამ ფილმს ჩავარდნას უწოდებს: მან ის ორჯერ გადაიღო სხვადასხვა მსახიობებითა და ლოკაციებით და როდესაც მესამედ გადაღებაც გადაწყვიტა, მიხვდა, რომ ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. თუკი ფილმის მოგებაზე ვისაუბრებთ, ის ალენის შემოქმედებაში მართლაც ყველაზე ცუდი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც, რაც მის ყურებას გაიძულებთ: ზაფხულის დასასრულს რამდენიმე მეგობარი ქალაქგარეთ სახლში დასავენებლად გაემგზავრება, სადაც სასიყვარულო სამკუთხედი გამოიკვეთება და რასაც დრამატული დასასრული ექნება. წვიმიანი სექტემბრის საღამოსთვის უკეთესი ვარიანტი თითქმიც არც არსებობს.