საღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა; სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს.
ბიზნესოპერატორებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 15 01