LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ივლისს ბათუმი ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს

106

7 ივლისს ბათუმი ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრებს 12 საათიდან ბულვარში, საზაფხულო თეატრთან, მზისფერი ლუდი, სასიამოვნო მუსიკა, პრიზები და სახალისო აქტივობები ელოდებათ. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები Soundlab, პაატა ძიძიგური (მელომანიაკი), Free Space Band, Road Radio (ბსუ), Pacific (ბსუ), ნერვოზი (ბსუ), Lucky 13 და დიჯეები – ლაშა გურული, Chicki და რეზი იზრუნებენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალის პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დასვენება იქნება შესაძლებელი. ბავშვებისთვის მოწყობილ სპეციალურ კუთხეში პატარების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. სამაგიდო თამაშების კლუბი „Tsibakha Game Club“ კი საინტერესო თამაშებს ზრდასრულებს შესთავაზებს. ფესტივალზე ასევე, იქნება სპეციალური საფეხბურთო სივრცე, სადაც სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ნახვა შეეძლებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალზე მხოლოდ ქართული ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

სასიამოვნო მუსიკისა და გართობის მთავარი მიზანი კი ქველმოქმედებაა. ფესტივალიდან შემოსული თანხა  მთლიანად მოხმარდება 24 წლის ბათუმელი გვანცა დიასამიძის გამოჯანმრთელებას, რომელიც ორი წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. ქველმოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე http://bit.ly/gvancastvis. ბათუმის ლუდის ფესტივალი გვანცა დიასამიძის მეგობრების ორგანიზებით იმართება.  მისი მთავარი სპონსორები არიან ლუდი აისი, არაგველი, შავი ლომი, ლუდი „ბათუმური“ , ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“ და მარკეტინგული კომპანია „შინდი“.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულებზე: http://batumibeerfest.ge/ge/home, https://www.facebook.com/BatumiBeerFest/