საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.
პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.
უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია.
დაესწრება თუ არა ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი დღეს სასამართლო პროცესს, ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მას ეს შეუძლია და ექსპრეზიდენტი ამას ითხოვს.
“მე, პირადად, მგონია, რომ იუსტიციის სამინისტრო არ მოახდენს სააკაშვილის გადაყვანას და შეეცდება ხელოვნური მიზეზის მოფიქრებას, რომ არ დაუშვას სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში,” – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.