მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, სააკაშვილის პროცესი სასამართლოშივე შედგეს და დაესწროს თავად ექსპრეზიდენტიც.
“დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში.
იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ ჩატარდება სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია”, – განაცხადა ბასილაიამ.