სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც „იმედის“ ცნობით, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია, ამერიკელები კი ამას არ გაპატიებენ“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ეს არის აგენტურის საუკეთესო მაგალითი“
„სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. მთლიანად ოპოზიციაა განულებული. ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება. რა გავაფუჭეთ ამერიკასთან მიმართებით? ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გამოასწოროს თავისი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სააკაშვილის განცხადება კი არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.
ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, „იმედის“ ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან” და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
„ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილის და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ამერიკელები გრძნობენ, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ და ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს. არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას უკვე, არავინ აპირებს ცხვირზე ხელის მოჭერას და იმ სიმყრალის სუნის მოთმენას, რომელიც ამ ქართულ დიქტატორულ რეჟიმს ასდის. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მობილიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქენით ორგანიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქნებით მიმწოლები, მარტო დასავლეთი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გადაწყვეტს“,- აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის განცხადებასაც „იმედი“ ავრცელებს.
