შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს და ათასობით ლეიტენანტისა და კაპიტნის დაკარგვის გამო, მისი სარდლობის ჯაჭვს უჭირს. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, ასევე ასობით პოლკოვნიკი და ბევრი რუსი გენერალი დაიღუპა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინამ 100-ზე მეტი მაღალი ღირებულების რუსული სამიზნე გაანადგურა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები და ა.შ.