8 ივნისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში შედგება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
მონაწილეობენ: ამირან მარიამიძე, ანდრია ბუხსიანიძე, ანდრია ბოლქვაძე, ივანე ჯავახიშვილი, რეზი მარშანია, მიხეილ ფანცხავა და ანი ანაკიძე.
შესრულდება ფ. მენდელსონის, ე. გრიგის, მ. რაველის, ს. რახმანინოვის, ე. ლალოს, კ. სენ-სანსის და ხ. როდრიგოს ნაწარმოებები.
კონცერტი ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დაარსებიდან 90 წლის იუბილეს.
დასაწყისი 19:30 საათზე
ბილეთები გაყიდვაშია, როგორც ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge ასევე ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მზადებით აღნიშნავს, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში შედგა არაერთი ღონისძიება.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ურთიერთთანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 80-იან წლებში, მას საფუძველი ჩაუყარა მაესტრო ჯანსუღ კახიძემ. წლების განმავლობაში არაერთი ბრწყინვალე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი წარსდგა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ- კულტურული ცენტრის სცენაზე, რომლებიც დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბის პრესტიჟულ სცენებს ამშვენებენ.
ტრადიცია დღესაც გრძელდება, უკვე ორი ათეული წელია, მაესტრო ვახტანგ კახიძე ხელს უწყობს სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებს პროფესიულ ზრდაში და სიამოვნებით უთმობს სცენას ახლგაზრდა მუსიკოსებს. ამჯერადაც, იგი თავად უდირიჟორებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს ახალი თაობის ნიჭიერ, პერსპექტიულ მუსიკოს-შემსრულებლებს.