საქართველოში ყოველი მეოთხე ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გადის, რაც უმეტესად ისეთი ხარვეზებითაა განპირობებული, რომელთა მოგვარებაც მცირე დროს მოითხოვს. ამას „გრინვეის“ გამოცდილებაც ადასტურებს და ინსპექტორები აღნიშნავენ, რომ წარუმატებელი შემოწმება უმეტესწილად მარტივი გაუმართაობის შედეგია.
შესაბამისად, სანამ სერვისცენტრში ვიზიტს დაჯავშნით, გაეცანით იმ 8 ძირითად მიზეზს, რომელთა გამოც ავტომობილები შემოწმებას ყველაზე ხშირად ვერ გადიან.
სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა
მუხრუჭების გაუმართაობა ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილ ხარვეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია. სისტემა ერთიან მექანიზმად განიხილება, რის გამოც რომელიმე ღერძზე აღმოჩენილი პრობლემა მთლიანი კვანძის გაუმართაობად ფასდება.
ამ სისტემის გაუმართაობას ისეთი ნიშნებით ამოიცნობთ, როგორებიცაა დამუხრუჭებისას ავტომობილის უჩვეულო რხევა, ხახუნი, ვიბრაცია, სატერფულის ზედმეტი სირბილე ან ხელის მუხრუჭის შემცირებული ეფექტურობა.
გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბება
სიხშირით მეორე ყველაზე გავრცელებული პრობლემა გამონაბოლქვის ნორმების დარღვევაა. ბენზინის ძრავების შემთხვევაში ნახშირჟანგის (CO) შემცველობა დადგენილ ზღვარს არ უნდა სცილდებოდეს. კერძოდ, დასაშვები ნორმა უქმ სვლაზე 0.5%-ია, მაღალ ბრუნზე – 0.3%.
თუ მაყუჩიდან შავ, ლურჯ ან თეთრ კვამლს შენიშნავთ ან არასასიამოვნო სუნს იგრძნობთ, ეს უკვე დაზიანებაზე მიანიშნებს.
საჭის მართვის სისტემის პრობლემები
საჭის მართვის სისტემაში არსებული გაუმართაობა კიდევ ერთი ხშირი მიზეზია, რის გამოც ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გადის. პრობლემაზე ძირითადად საჭის დასაშვებზე მეტი თავისუფალი სვლა, ტრიალისას წარმოქმნილი უცნაური ხმაური ან გამაძლიერებელი სისტემიდან სითხის გაჟონვა მიგანიშნებთ.
საქარე მინის ბზარი
ემისიის პრობლემების გარდა, ხშირ ხარვეზთა სიაში საქარე მინის დაზიანებაც შედის. შემოწმების წესების მიხედვით, მინამწმენდების მოქმედების არეალში ბზარი ან ნაკენჭური, რომელიც 5 მმ-ს აღემატება, არ უნდა არსებობდეს. ასეთი ტიპის ნაკლოვანება მძღოლის ხილვადობას ზღუდავს და უსაფრთხოების რისკებს ქმნის.
გაუმართავი ფარები და სასიგნალო შუქები
ტექნიკური ინსპექტირებისას დიდი ყურადღება ფარებისა და სასიგნალო სისტემის გამართულობას ეთმობა. შემოწმების პროცესში ინსპექტორები ცალ-ცალკე აფასებენ ძირითად ფარებს, მოხვევის მაჩვენებლებს, სამუხრუჭე და უკუსვლის შუქებს, სანომრე ნიშნის განათებასა და საავარიო სიგნალებს.
გადამწვარი ან მბჟუტავი ნათურის აღმოჩენა და შეცვლა სერვისცენტრში ვიზიტამდე დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.
საბურავების მდგომარეობა
ინსპექტირებისას მოწმდება საბურავების გამოშვების თარიღი, პროტექტორის სიღრმე, ზომა და საერთო მდგომარეობა. აუცილებელია, რომ ერთ ღერძზე იდენტური საბურავები გეყენოთ, რადგან განსხვავებული წყვილის გამოყენება მკვეთრი დამუხრუჭებისას მოცურების საფრთხეს ზრდის.
გაცვეთილი პროტექტორი ან საბურავის ზედაპირზე არსებული წვრილი ბზარები ის დეტალებია, რომელთა შემოწმებასაც თავადაც შეძლებთ.
დაკიდების სისტემის ცვეთა
დაკიდების სისტემის კომპონენტები, მათ შორის ამორტიზატორები და საჭის ტრაპეცია, ექსპლუატაციის დროს ცვდება. უსწორმასწორო გზაზე მოძრაობისას წარმოქმნილი უჩვეულო ხმაური, კაკუნი, ვიბრაცია ან მანქანის ერთ მხარეს გადახრა დაზიანების აშკარა ნიშნებია. მსგავსი ხარვეზები მეტწილად ძველ ავტოტრანსპორტში იჩენს თავს.
ხმაურის დონის გადაჭარბება
ხმაურის კონტროლი, როგორც ტექნიკური რეგლამენტის სავალდებულო მოთხოვნა, 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. თუ ავტომობილს დაზიანებული მაყუჩი აქვს ან ქარხნული დეტალის ნაცვლად ე.წ. სპორტული ქილა უყენია, ამას დაქოქვისა თუ მოძრაობისას მაღალი, სპეციფიკური ხმით მიხვდებით.
თუ ავტომობილის ამ კომპონენტებს წინასწარ შეამოწმებთ და ხარვეზებს ტექინსპექტირების ცენტრში ვიზიტამდე აღმოფხვრით, დაზოგავთ დროს და განმეორებითი შემოწმების საჭიროებას აირიდებთ. ვიზიტის დაჯავშნა ან ინსპექტირების თარიღის გადამოწმება ვებგვერდზე greenway.ge ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
(R)
