LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება – კიდევ რა იცვლება

173
ინსპექტირება

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულია და ის 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

„ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ. აქამდე ნორმა იყო 0.6%, ეს მკაცრდება და ხდება 0.55%, როგორც მაღალ ბრუნზე, ასევე უქმ სვლაზე“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლიდან გახდება – იგეგმება ავტომობილების მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაც.

ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილი სიახლეების შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, გიორგი შიოლაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

„ჩემი ინფორმაციით, განმეორებითი ტექინსპექტირების შესახებ ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს, თუმცა ეს ჯერჯერობით ტექნიკურ რეგლამენტში ასახული არაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.

ასევე, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, შემოღებული უნდა იყოს ხმაურის ინსპექტირება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა სახით იქნება ეს განხორციელებული. მომატებული ხმაურის ინსპექტირება მოხდება ინსპექტირების პროცესში. ზოგ ავტომობილს სპეციალური „მაყუჩი“ უკეთია, რომელიც ზედმეტ ხმას გამოსცემს. ხმაური დადგენილ ზღვარს თუ გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში დახარვეზდება“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი