LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ნარკოტიკზე ოდენობების განსასაზღვრად პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა: გამოიწვევს თუ არა ცვლილება სასჯელების გადახედვას, სარჯველაძე განმარტავს

95
FORTUNA.GE-

„საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები დაზუსტდება.

ახალი ინიციატივა რვა ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში აცხადებენ, იმის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა, არ განსაზღვრავს ნარკოტიკულ საშუალებების გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიი ოდენობებს, ეს როგორც პრაქტიკაში, ასევე კანონის აღსრულების კუთხით ქმნის პრობლემას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ოდენობების გამოთვლის წესების ცვლილებამ, შესაძლოა, მსჯავრდებულთა ნაწილზე გავლენა იქონიოს და საჭირო გახდეს მათი სასჯელების გადახედვა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ კანონი გავლენას არ იქონიებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე:

“კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთა მიმართებაში გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს, რომელთა საქმეებზეც გავლენას იქონიებს ეს კანონი და მნიშვნელოვანი იქნება დოზების ხელახალი გადააზრებული პოლიტიკის საკითხი.

კანონი გავლენას არ იქონიებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე. მძიმე ფორმებზე ნარკოდანაშაულის, მაგალითად, მომხმარებლებთან მიმართებაში თუკი აქამდე პირი გასამართლებული იყო დიდი ოდენობისთვის და ახლებური საკანონმდებლო ხედვიდან გამომდინარე ეს იწვევს განახლებულ, სხვაგვარ კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის გავლენას იქონიებს მსჯავრდებულ პირებზე. ბუნებრივია, გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულებზე, ვისზეც ამნისტია ჯერ არ გავრცელებულა.

შესაბამისად, პირები, რომლებზეც გავლენას მოახდენს ეს კანონპროექტი, მათ ექნებათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება და განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული პროცედურები, რომლებიც შედარებით გამარტივებულია სტანდარტული გადასინჯვის პროცედურებისგან.” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც კომიტეტში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. მუშაობის პროცესში ჩართულები იყვნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე არასამთავრობო სექტორიდან.

“იმის გამო, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, მცირე ოდენობის შემთხვევაში, პირი არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლებრივ სახდელს და ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი, შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება არაპროპორციული სასჯელები, ხშირ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის სახით.

აქედან გამომდინარე, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ექცევა სისხლის სამართლის მოქმედების სფეროში.” – აღნიშნავენ კომიტეტში ხარვეზებზე საუბრის დროს.